15 წელი შინდისის ბრძოლიდან

შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა.

თავგანწირვისა და გმირობის გამორჩეული ამბავი და მძიმე ისტორია აგვისტოს ხუთდღიანი ომიდან. 2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების, მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული, რუსულ მოტო-მსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. შეტაკება დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, ქართულმა ოცეულმა მტერს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და დიდი დანაკარგიც მიაყენა. ქართველი მეომრების გმირული ბრძოლის გამო რუსი კაპიტანი იძულებული გახდა დახმარება ორჯერ მოეთხოვა. უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, დაჭრილებს კი ადგილობრივები სიცოცხლის რისკის ფასად ეხმარებოდნენ. რუსეთთან უთანასწორო ბრძოლას სოფელ შინდისთან ემსხვერპლნენ ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენეს ყველა შეიარაღება, რაც კი გააჩნდათ. მათ შორის მსხვილკალიბრიანი იარაღიც, ესროდნენ ტანკებიდანაც. ბრძოლის დასრულების შემდგომ კი რუსულმა ასეულმა შენობაში მხოლოდ 17 ქართველი იპოვა. მტერმა მათი დამარცხება მას შემდეგ შეძლო, რაც ქართველებს ტყვია-წამალი გაუთავდათ. შინდისის შეტაკების ნაწილია ნათლიისა და ნათლულის ისტორია. უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი მტერს არ დანებდა და ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა. ალექსანდრე ონიანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, რომან ზოიძე კი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

შინდისის მემორიალთან დილიდან ხალხმრავლობა იყო.

სამშობლოსთვის თავდადებული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალი ყვავილებით შეამკო პრემიერ-მინისტრმა და მათ ღვაწლზე ისაუბრა.