ქართული არტილერიის ისტორია ბევრად ადრე იწყება, ვიდრე ეს 1993 წელია, თუმცა ქართული არტილერიის დღე სწორედ 1993 წლის 15 მარტს არტილერისტების მიერ უზრუნველყოფილი გამარჯვების შემდეგ აღინიშნება.
1993 წლის 14 მარტს, მოწინააღმდეგის შეიარაღებულმა ფორმირებებმა მოქმედი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაარღვიეს, სოხუმზე იერიში მიიტანეს და მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ რამდენიმე კილომეტრიან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს.
უკვე 15 მარტს, შეტევაზე წამოსულ მტერს ქართულმა არტილერიამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და მეორე დღეს, 16 მარტს, დიდი მსხვერპლის გამო, მოწინააღმდეგე ძალები იძულებული გახდნენ, უარი ეთქვათ შეტევაზე და უკან დაეხიათ.
შემდგომ, 2008-ში არტილერისტებმა ისევ აჩვენეს თავისი ხასიათი და უთანასწორო ბრძოლის მიუხედავად მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს.
ქართული არტილერიის ტრადიციებს დღეს თავდაცვის ძალების ორი საარტილერიო ბრიგადა აგრძელებს, სადაც ისევ მსახურობენ არტილერისტები, რომელთაც საბრძოლო ნათლობა 1993 წელს, სოხუმში მიიღეს.