14 ევროპარლამენტარის ინიცირებული რეზოლუცია დამტკიცებულია. საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ 14 ევროდეპუტატის ინიცირებულ რეზოლუციას, ევროპარლამენტში კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს. 495 მომხრე, 73 წინააღმდეგი, 86 ევროდეპუტატმა კი თავი შეიკავა.
დოკუმენტი მწვავე კრიტიკულ გზავნილებს შეიცავს, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკუსვლაზე საუბრობს და საქართველოს ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ მოითხოვს როგორც „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“, ისე „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ მიმართული კანონების გაუქმებას.
ტექსტში ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკომისიას, გადახედოს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებს და შემოიღოს პერსონალური სანქციები, მათ შორის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლებას კი მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და აამოქმედოს სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით ევროპარლამენტში საკმაოდ მწვავე დებატები გუშინ საღამოს შედგა. კანონმდებლების ნაწილის მხრიდან მწვავე შეფასებები გაკეთდა, აღინიშნა, რომ ბოლო დროს მიღებულმა კანონებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეაჩერა. მათივე განმარტებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, თუმცა, მთავრობა ევროკავშირის ღირებულებებსა და ევროპულ გეზს ხელახლა უნდა დაუახლოვდეს. ევროდეპუტატების მეორე ნაწილი კი საქართველოში მიღებულ გადაწყვეტილებებს იწონებს და განმარტავს, რომ საქართველომ საკუთარი და არა უცხოური ძალების ინტერესები უნდა დაიცვას.