რეზოლუციის პროექტი ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ

ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის განხილვა დაიწყო პარლამენტში. მიმდინარე კვირაში, დისკუსია ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გაგრძელდება. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ცვლილებები შედის. თავდაპირველ ტექსტში ზოგადი მოწოდება იყო, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ევროინტეგრაციის მიმართულებით მუშაობა გაეაქტიურებინა, თუმცა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დაჩქარებული წესით მისაღებად თბილისიდან ევროპარლამენტში განაცხადი გაიგზავნა, დოკუმენტის კორექტირება გახდა საჭირო და მთავრობა პარლამენტისგან ახალ დავალებებს მიიღებს. მმართველი გუნდი შენიშვნების გაზიარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და იმედოვნებს, რომ რეზოლუციის პროექტს ოპოზიციის მხარდაჭერა ექნება. მათ ოპონენტებს კი რეზოლუციის შინაარსთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ. ოპოზიციის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ გარდა რეზოლუციისა, მნიშვნელოვანია მმართველმა გუნდმა წარმოადგინოს ევროკავშირში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაც. ექნება თუ არა რეზოლუციის ტექსტს ოპოზიციის მხარდაჭერა – ეს საკომიტეტო განხილვების შემდეგ გახდება ცნობილი.