საქართველო იმ მოვლენებს იხსენებს, რომელიც 13 წლის წინ – 2008 წლის 7 აგვისტოს განვითარდა და ქვეყნის უახლეს ისტორიაში ეს დღე ყველაზე ტრაგიკულ თარიღად იქცა. ამ დღეს დაიბომბა ქართული სოფლები, იყო მსხვერპლიც. 8 აგვისტოს დილით კი როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში რუსეთის 58-ე არმიის კოლონა შემოვიდა. საბრძოლო მოქმედებები ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას 412 ადამიანი შეეწირა, მათ შორის 169 ჯარისკაცი, დაიჭრა 1 747 მოქალაქე, 150 ათასამდე პირი კი დევნილად იქცა.
აგვისტოს ომიდან 13 წლის შემდეგ ისევ ერთიანია საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია. საქართველოს მეგობარი ქვეყნები რუსულ აგრესიას გმობენ და ოკუპანტ ქვეყანას აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ. აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედროები დღეს საოკუპაციო ხაზთან და მუხათგვერდის სასაფლაოზე გაიხსენეს პოლიტიკოსებმა. ევროპარლამენტარებმა კი ერთობლივი წერილით კიდევ ერთხელ მოსთხოვეს რუსეთს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაუშვას.