2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან ზუსტად 11 წელი გავიდა. ქართული სოფლების მიმართულებით სროლები ჯერ კიდევ 2008 წლის ივლისში დაიწყო, სიტუაცია განსაკუთრებით 7 აგვისტოს გამწვავდა, დაიბომბა ნული, ავნევი, ფრისი, დვანი, რასაც 7 აგვისტოს გვიან ღამით საპასუხო ცეცხლის გახსნა მოჰყვა.
8 აგვისტოს, დილით კი, როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში რუსეთის 58-ე არმიის კოლონა შემოვიდა. ქართულმა შენაერთებმა, რომლებმაც ცხინვალის ნაწილის დაკავება მოახერხეს, რუსული ავიაციის იერიშის შედეგად უკან დაიხიეს. რუსულმა ავიაციამ დაბომბა ქალაქი გორი, ფოთის ნავსადგური, სენაკის და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი. დე-ფაქტო რეჟიმების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გარდა, რუსმა სამხედროებმა ასევე დაიკავეს კოდორის ხეობა, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ახალგორი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი.
ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღე გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა.
ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 2008 წელს გაფორმებულ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ოფიციალური მოსკოვი დღემდე არ ასრულებს.
აგვისტოს ომის შედეგებია: 412 დაღუპული მოქალქე, მათ შორის, 169 ჯარისკაცი; 1747 დაჭრილი; 130 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთაგან 30 ათასი დღესაც დევნილობაში ცხოვრობს; 35 ათასი განადგურებული სახლი; 53 მიწასთან გასწორებული ქართული სოფელი; რუსეთის მიერ დამატებით ოკუპირებული 5 ხეობა და 125 სოფელი.