როგორ ვერ გადავურჩი სამსახურიდან მოხსნას
როგორ ვერ გადავურჩი სამსახურიდან მოხსნას

ამჯერად საქართველოს სახელმწიფო რადიოს უკანასკნელ ცნობათა რედაქციაში (ანუ საინფორმაციო სამსახურში) მამაჩემის მუშაობის პერიოდიდან ერთ საბედისწერო შემთხვევაზე მინდა გიამბოთ:

მაშინ, ორშაბათობით, დილის თათბირზე რედაქციის ყოველკვირეული მასალების განხილვა ეწყობოდა. კოლეგების ნამუშევარს კვირის მორიგე აანალიზებდა.

ერთხელ, მორიგეობისას მამამ ჩვეულებრივ მიმოიხილა მთელი კვირის განმავლობაში ეთერში გადაცემული მასალები და მეცხოველეობის ფერმების შესახებ ერთ-ერთი რეპორტაჟის გამო აღნიშნა, რომ სტილისტურად გაუმართავი იყო:

– როცა საუბარია მსხვილფეხა საქონლის კვების თუნდაც სანიმუშო რაციონზე, უხერხულია, მთავარი საინფორმაციო არხის ეთერიდან ისმოდეს ჟარგონული ფრაზა : „ძროხები ნეშომპალაზე გიჟდებიან “.

დარბაზში ხარხარი ატყდა. გაეცინა ტრიბუნასთან მდგარ მამასაც და  ინსტიქტურად რადიოკომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარეს, ანტონ კელენჯერიძეს გახედა.

კელენჯერიძეს ჩასძინებოდა და ხარხარზე  გამოეღვიძა.  შემცბარმა ალბათ იფიქრა, მამა თანამშრომლებს  მისი ჩაძინების გამო აცინებდა. ადგილიდან  სწრაფად წამოვარდა, თავის  კაბინეტში შევარდა და … მამაჩემი სამსახურიდან  გაათავისუფლა.

საგულისხმოა, რომ კელენჯერიძეს, სამწუხაროდ, მძიმე ნერვული სენით დაავადებული ვაჟი ჰყავდა, რომელსაც ღამ-ღამობით აღგზნებული შეტევები სტანჯავდა და ამით გამწარებული მშობლები გამოუძინებელნი რჩებოდნენ. ეტყობა, სწორედ ამიტომ განიცადა ესოდენ მწარედ თანამშრომელთა ხარხარი და თავის უბედურებაზე კოლექტივის უზნეო რეაქციის მაპროვოცირებლად რატომღაც მამაჩემი მიიჩნია. თავმჯდომარემ თავის ბრძანებაში  გათავისუფლების მოტივიც კი არ მიუთითა. ბრძანების ფორმულირება  კატეგორიული და შეუვალი იყო: „უკანასკნელ ცნობათა რედაქციის რედაქტორი დავით ბუზუკაშვილი მოიხსნას დაკავებული თანამდებობიდან“. მორჩა და გათავდა!

მამა გაოგნდა. თავმჯდომარემ მისი მიღება და თავისი გადაწყვეტილების ახსნა არ ისურვა. მამას მცდელობა, როგორმე კელენჯერიძეს შეხვედროდა, უშედეგო იყო. გაცეცხლებულ შეფს არაფრის და  არავის გაგონება სურდა.

ორი პატარა ბავშვის პატრონი მამის უმუშევრად დარჩენა ჩვენი ოჯახისათვის უმძიმესი დარტყმა იყო. მით უმეტეს, რომ მაშინ პრესას, როგორც ხელისუფლების იდეოლოგიურ რუპორს, კადრებით ცკ-ის შესაბამისი სამსახური აკომპლექტებდა. შრომის წიგნაკში კელენჯერიძის ბრძანების  ჩანაწერით კი მამას სხვა რედაქციებისაკენ გზა მოჭრილი ჰქონდა.

თავისი გამოუვალი მდგომარეობის შესახებ მამამ რჩევა ჩვენთან ოჯახში შემთხვევით სტუმრად მოსულ იმხანად  ძალზე ცნობილ ადვოკატს, ფაინა  ბააზოვას ჰკითხა. მან დეტალურად გამოიკითხა საქმის ვითარება და მამას დარწმუნებით უთხრა:

– Немедленно в суд (სასწრაფოდ სასამართლოში!) !

… სასამართლომ საქმე მართლაც პირუთვნელად განსაჯა: როცა რადიოკომიტეტის წარმომადგენლებს – აკაკი ძიძიგურსა და ალიოშა ფარულავას მამას კვალიფიკაციის შესახებ ჰკითხეს, ორივემ აბსოლუტურად გულწრფელად განაცხადეს, რომ რადიოკომიტეტის ხელმძღვანელობას კვალიფიკაციის მხრივ დავით ბუზუკაშვილთან პრეტენზიები არ ჰქონდა.  პირიქით, მისი პროფესიონალიზმით კმაყოფილი იყვნენ.

სასამართლო დაინტერესდა, თუ რა ვითარებაში მოხდა მამას გათავისუფლება. რადიოკომიტეტის წარმომადგენლებმა ესეც დეტალურად  ახსნეს. თავმჯდომარის მოადგილის – აკაკი ძიძიგურისა და ალიოშა ფარულავას მართლაც ღირსეულმა, ობიექტურმა პოზიციამ მამა აღაფრთოვანა (მათგან განსხვავებით, თავმჯდომარის მეორე მოადგილე ივლიტა მესხიშვილმა და მამას კოლეგა თანაკურსელმა, კოლია აბზიანიძემ კელენჯერიძის მაამებლობა ამჯობინეს).

სასამართლომ მამა რედაქტორის  თანამდებობაზე აღადგინა.

კელენჯერიძემ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე კატეგორიული უარი განაცხადა – მამა სამსახურში არ აღადგინა.

რაკი რადიოკომიტეტის თავმჯდომარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა, მეტიც – ამ საკითხზე რაღაც გაავებული დაჟინებით თუ აკვიატებული პრინციპულობით რეაგირებდა და რაკი ადგილობრივმა ზემდგომმა ინსტანციებმა წაყრუების პოზიცია დაიკავეს, მამას სხვა გზა აღარ დარჩა – სამართალი უმაღლეს ეშელონებში უნდა ეძებნა.  იგი იძულებული გახდა ყირიმში დასასვენებლად მყოფი ნიკიტა ხრუშჩოვისათვის განცხადება დეპეშით გაეგზავნა.

საოცარია, მაგრამ იმ დეპეშამ პირადად ხრუშჩოვამდე მიაღწია (ალბათ საბჭოთა ლიდერის საკურორტო ფოსტის სიმწირის გამო) და მოხდა წარმოუდგენელი რამ: არ ვიცი, საკურორტო შვებულებისთვის ბუნებრივი პოზიტიური ლოგიკით თუ რატომ, ხრუშჩოვმა მამა ყირიმში გამოიძახა.

საბჭოთა გენსეკის ასეთ რეაქციას მამა ნამდვილად არ ელოდა. მთელი ოჯახი შიშმა აიტანა და საგონებელში ჩავარდა. არ გამორიცხავდნენ დაჭერის პერსპექტივასაც. თუმცა, წაუსვლელობაც არ იქნებოდა და მამაც, – სხვა რა გზა ჰქონდა, – ყირიმში გაემგზავრა.

ნიკიტა სერგეევიჩმა მამა რეზიდენციის ტერასაზე მიიღო, საიდანაც ლურჯად მოლივლივე ზღვის შთამბეჭდავი ხედი იშლებოდა. ტკბილეულითა და ხილით გაწყობილ სუფრაზე მამამ რაღაც ფურცლებიც შეამჩნია. პაპანაქება სიცხეში არაოფიციალურად ჩაცმულმა მასპინძელმა სტუმარი სუფრასთან მიიწვია. კრიჭაშეკრულ მამას პირი არაფრისთვის დაუკარებია. ნიკიტა სერგეევიჩმა მაგიდიდან ფურცლები აიღო (რაც მამაჩემის დეპეშირებული განცხადება აღმოჩნდა) და საქმის ვითარებით დაინტერესდა.

მამამ ყველაფერი გაუგებრობით ახსნა ისე, რომ კელენჯერიძეზე აუგი არ უთქვამს. პირიქით, კელენჯერიძის, როგორც შვილის უბედურებით გამწარებული მამის მიმართ, თანაგრძნობა გამოხატა. მამას ამ პოზიციამ ხრუშჩოვი გააოცა:

– რა კარგი კაცი ყოფილხარო, – შეაქო.

დეპეშა-განცხადებას რეზოლუცია წააწერა, თანაშემწეს გადასცა და მამას გამოემშვიდობა:

–  ყველაფერი კარგად იქნებაო.

მაშინ მოკავშირე რესპუბლიკებში ცკ-ის მეორე მდივანი კრემლის კადრი იყო. ის დეპეშა თბილისში საქართველოს ცკ-ს მეორე მდივანს, კოვანოვს გადმოეგზავნა ხრუშჩოვის პირადი, კატეგორიული რეზოლუციით: „Почему товарищ Келенджеридзе проявляет недисциплинированность?! Н. Хрущёв“ (ამხანაგი კელენჯერიძე რატომ იჩენს უდისციპლინობას?! ნ.ხრუშჩოვი).

კოვანოვმა  დეპეშა სასწრაფოდ კულტურის მინისტრს (რადიოკომიტეტი მის დაქვემდებარებაში შედიოდა) გადაუგზავნა, პირადადაც დაურეკა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება კატეგორიულად მოითხოვა.

მამა კულტურის სამინისტროში გამოიძახეს. მინისტრის თანაშემწე მას პირველ სართულზე, შესასვლელშივე ელოდა და თავადვე ააცილა მეოთხე სართულზე, მინიტრის კაბინეტამდე.

მინისტრმა მამას სამსახურში აღდგენა ახარა და უთხრა, რომ მოვალეობის შესრულება ხვალიდანვე შეეძლო!

დღევანდელობისაგან განსხვავებით, იმ საბჭოთა, ტოტალიტარულ სისტემაში მამამ სამართალი, მართალია, დიდი წვალებით, მაგრამ ბოლოს მაინც იპოვა.

მართლაც, მეორე დღიდან მან ჩვეულებრივ განაგრძო მუშაობა საქართველოს რადიოს უკანასკნელ ცნობათა რედაქციაში. თუმცა…

ერთი თვის შემდეგ, კელენჯერიძემ შტატების შემცირება განახორციელა, რაშიც სხვებთან ერთად, რა თქმა უნდა, მამაჩემიც მოახვედრა…

საგულისხმოა, რომ კელენჯერიძე ქართულ ინტებლიშმენტში მეტად გავლენიანი პერსონა იყო და ხელისუფალთა წრეშიც ავტორიტეტით სარგებლობდა. სწორედ ამიტომ თავისი ცხოვრების შემდგომ ეტაპებზეც მამამ კიდევ არაერთხელ მწარედ იწვნია ყოფილი შეფის არაკეთილ განწყობა! სამწუხაროდ, ასეთია ცხოვრება …

მარინა ბუზუკაშვილი