ორი სურათის ისტორია
ორი სურათის ისტორია

მამაჩემის, დავით ბუზუკაშვილის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ამსახველი ნარკვევების ციკლიდან ამჯერად ერთგვარად „სახალისო“ ფრანგმენტს გთავაზობთ, რომელიც კრიზისულ ვითარებაში აღმოჩენილი შალვა დადიანის ერთ კრეატიულ ოინზე მოგვითხრობს.

მარინა ბუზუკაშვილი

 

გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო – სწორედ ეს ანდაზა გამახსენა XX საუკუნის 10-იან წლებში ცნობილი მწერლისა და თეატრალის, შალვა დადიანის მიერ საზოგადო საქმისთვის მოფიქრებულმა უბადლო ხრიკმა. მართლაცდა, გაჭირვებას სადამდე მიჰყავს ადამიანი, რას აღარ ჩაადენინებს, რა ფათერაკს გადაჰკიდებს! თუმცა, ქვემოთ მოთხრობილ ამბავში ყველაფერი უფათერაკოდ დასრულდა:

შალვა დადიანი მაშინ ქუთაისის დრამატულ დასს ხელმძღვანელობდა. მთავრობისგან სრულიად მივიწყებული მსახიობები ბედის ანაბარად იყვნენ მიტოვებულნი. მათი მონდომება უაღრესი გახლდათ, მაგრამ ერთი რამ აკლდათ – ფული.

ყოვლად გამოუვალი მდგომარეობისაგან თავის დასაღწევად ყველანი ბევრს ფიქრობდნენ, მაგრამ…

და აი, ერთ მშვენიერ დღეს დასის ხელმძღვანელმა „ევრიკა“-ო  დაიქუხა:

– რადგან საშველი არსაიდან ჩანს, ისევ ჩემს ნაცნობ ებრაელ ვაჭარს – ელიგულაშვილს მივაკითხავ. ფულს აუცილებლად მასესხებს!

თქმა და მაღაზიაში წასვლა ერთი იყო.

მართალია, ვაჭარ ელიგულაშვილს ფულის უპროცენტოდ გასესხება მაინცდამაინც დიდად არ ეპიტნავა, მაგრამ დიდ გვარიშვილს უარი ვერ აკადრა. მოთხოვნილი მეტად სოლიდური თანხა სრულად გადასცა, ხელმოწერილი ვექსილი გამოართვა და დაბრუნების ვადაც დაუთქვა.

გახარებული შალვა დადიანი და დასის მსახიობები საქმეს შეუდგნენ. ცოტა ხანში წარმატებებსაც მიაღწიეს, თავიც გაჰქონდათ. მოკლედ, საქმე კეთდებოდა და თეატრიც დახურვას გადარჩა. მაგრამ სოლიდური ვალის დასაბრუნებელ თანხას თავი მაინც ვერ მოუყარეს. ამიტომ შალვა დადიანმა ელიგულაშვილს დათქმული ვადა რამდენჯერმე გადაავადებინა.

ბოლოს და ბოლოს, ყოველგვარი ვადა რომ ამოიწურა, შალვა დადიანმა ერთი უჩვეულო ოინი მოიფიქრა:

იგი წინასწარ შეუთანხმდა მეკუბოვეს და ფოტოგრაფს: გამზადებულ კუბოში ჩაწვა, თავთით ანთებული კელაპტარი მოიდგა, გულხელი დაიკრიფა, თვალები დახუჭა და მევახშეს ასე „შეეგება“. გაშოტილი მკვდრის შემხედვარე შეცბუნებულმა ვაჭარმა „ჭირისუფლებს“ ბოდიში მოუხადა, თამასუქი სასწრაფოდ ნაკუწებად აქცია და იქაურობას აფორიაქებული  გაეცალა.

ამ იძულებითი ოინის დოკუმენტირება კი ფოტოგრაფმა ორი კადრით უკვდავყო! პირველი კადრით მან თავმომკვდარუნებული შალვა დადიანი გადაიღო. მეორე სურათზე კი ვაჭრის წასვლისთანავე „მკვდრეთით აღმდგარი“ და კუბოშივე მხართეძოზე წამოწოლილი, კრიზისიდან თავდამძვრალი გახარებული მევალე.

ამ ყოველივეს მომსწრე თეატრალმა, ჭიჭიკო აბაკელიამ ისიც მიამბო, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ვაჭარი ელიგულაშვილი ქუჩაში შემთხვევით შეხვდა შალვა დადიანს. შიშისგან თავზარდაცემულ მევახშეს ბატონი შალვა თურმე დიდხანს, დიდხანს არწმუნებდა, რომ მისი კუბოში ჩაწოლა, უბრალოდ, როლის თამაში იყო და მეტი არაფერი…

აი, ასე იქცა ვაჭარი ელიგულაშვილი ქუთაისის თეატრალური დასის იძულებით სპონსორად და მხსნელად შალვა დადიანის უკიდეგანო ფანტაზიის წყალობით.

 

დავით ბუზუკაშვილი