ისმინე, სწავლის მძებნელო!!!
ისმინე, სწავლის მძებნელო!!!

მამას გამოსაცემად გამზადებული დარჩა აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ბუკლეტი. მომავალ წელს მუსხელიშვილის დაბადებიდან 130 წელი სრულდება. ამჯერად წინსწრებით იმ ბუკლეტიდან რამდენიმე ფრაგმენტს ვაქვეყნებ.

დღეს, როცა მეცნიერებათა აკადემიის როლი ჩვენში ერთგვარად დაკნინდა, როცა სამწუხარო გარემოებათა გამო ახალგაზრდობა პოლიტიკურ ქუჩურ ვნებებს უფროა აყოლილი, ვიდრე სწავლა-განათლების მიღების სურვილს და ცოდნის გაღრმავებისთვის ესოდენ აუცილებელ დროს ხელიდან უშვებს და ქუჩაში ფლანგავს, ალბათ საინტერესოა იმ უაღრესად დიდი ღვაწლის გახსენება, რომელიც ქართულ სამეცნიერო სკოლის მეგავარსკვლავს, აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილს მიუძღვის ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანაში. პატიოტიზმი პროფესიონალიზმიაო, – ამბობდა მამაჩემის მეგობარი რეზო თაბუკაშვილი. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად პროფესიონალიზმი და არა პარლამენტარის თბილ სკამში ვიღაცის მოსაკალათებლად ქუჩიდან ქვეყნის არევის ლაგამაწყვეტილი ვნება!

მარინა ბუზუკაშვილი

 

„ცოდნა დიდი ძალაა. მცოდნე, განათლებულმა ადამიანებმა შექმნეს კოსმოსური რაკეტები, რთული მანქანები, რომლებიც გასაოცარი სიჩქარით ასრულებენ რთულ, მატემატიკურ გამოთვლებს და თარგმნიან კიდეც ერთი ენიდან მეორეზე. როგორ გგონიათ, რით დაიწყეს თავიანთი საქმე ამ მანქანების შემქმნელმა კონსტრუქტორებმა? გამრავლების ტაბულითა და ფიზიკის უმარტივესი კანონებით. ქიმიის ელემენტარული ფორმულებითა და გეომეტრიული თეორემებით. ანუ ყოველივე იმით, რასაც სკლაშიც ვსწავლობთ. საშუალო სკოლის პროგრამა ის საძირკველია, რომელზედაც შემდეგ ადამიანის მკვიდრი ცოდნის დიდი შენობა შენდება. მუდამ გახსოვდეთ – ეს გზა სკოლის მერხიდან იწყება“.

ნიკო მუსხელიშვილი.

1963 წლის 11 იანვარი.

 

ბავშვობისა და  განსწავლის წლები

„… ბავშვობის წლების დიდი ნაწილი მან გაატარა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანში. ნიკო მუსხელიშვილის მშობლები დიდ ყურადღებას უთმობდნენ ბავშვების აღზრდას. ნიკოს დედა – დარია – შვილებს მშობლიურ და ფრანგულ ენებს ასწავლიდა. ნიკო მუსხელიშვილმა საშუალო განათლება მიიღო თბილისის მეორე კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1909 წელს. გიმნაზიაში სწავლის დროს განსაკუთრებულ მიდრეკილებას იჩენდა მათემატიკური საგნებისადმი, რაც პატარა ნიკოს ჩაუნერგა მამამ, ივანე მუსხელიშვილმა, რომელიც ჩინებულად ფლობდა ამ უაღრესად რთულს, მაგრამ დიდად საინტერესო საგანს. თვით ნიკო მუსხელიშვილი დიდად აფასებდა მამის როლს, როგორც მათემატიკის პირველი მასწავლებლისას. თავის სახელმძღვანელოს – კინეტიკის კურსს, რომელიც პირველად 1928 წელს გამოიცა, ავტორმა ასეთი წარწერა გაუკეთა: „მათემატიკის  ჩემს პირველსა და საუკეთესო მასწავლებელს, ძვირფას მამას, სამხედრო ინჟინერ-ტექნოლოგს, ივანე მუსხელიშვილს ვუძღვნი ამ ნაშრომს.

ნიკო მუსხელიშვილი და ილია ვეკუა

თბილისის მეორე კლასიკური გიმნაზიის დამთავრებისთანავე, 1909 წელს, ნიკო მუსხელიშვილი შედის პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, სადაც იგი წარჩინებით სწავლობს. აღსანიშნავია, რომ იგი განსაკუთრებულ მიდრეკილებას იჩენს მექანიკისადმი. ის გაიტაცა მექანიკის უმნიშველოვანესმა დარგმა – დრეკადობის მათემატიკურმა თეორიამ. დრეკადობა, ანუ, როგორც იტყვიან, დრეკადი თვისება, მეტნაკლებად ყველა სხეულს ახასიათებს. განსაკუთრებით კი ისეთ სხეულებს, რომელნიც იხმარებიან სამშენებლო მექანიკაში, მანქანათმშენებლობაში, ავიაციაში, სატრანსპორტო საქმესა და სხვ.

1914 წელს ნიკო მუსხელიშვილი წარჩინებით ამთავრებს პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსს მათემატიკის სპეციალობით და იქვე დატოვეს პროფესორობისათვის მოსამზადებლად. ასე დაიწყო ნიკო მუსხელიშვილის გზა მათემატიკურ მეცნიერებათა მწვერვალების დასალაშქრად, რაც დიდმა სწავლულმა ბრწყინვალე გამარჯვებებით დააგვირგვინა“.

 

ნიკოლოზ ვეკუას წიგნიდან

„ნიკო მუსხელიშვილი“, 1989წ.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ დრეკადობის თეორიაში დაიწერა ახალი ტრაქტატი… მეორე ესოდენ დიდი მნიშვნელობისა და ფართო მასშტაბის წიგნის შექმნას ერთი თაობა მაინც დასჭირდება“.

ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალში

მუსხელიშვილის ნაშრომზე

დაბეჭდილი რეცენზიიდან.

 

„ნიკო მუსხელიშვილი მსოფლიო მეცნიერულმა აზრმა აღიარა, როგორც  მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი. მან სამშობლოსადმი – საქართველოსადმი სიყვარული და ერთგულება არა სიტყვებით, არამედ საქმით გამოხატა. ის ერთ-ერთი იმ გამოჩენილ ქართველთაგანია, რომელმაც მსოფლიოს უჩვენა, თუ რაოდენ დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობების მატარებელია ქართული გენი. ნიკო მუსხელიშვილი ისტორიაში შევიდა, როგორც მეცნიერის, მოქალაქისა და პატრიოტის სანიმუში განსახიერება.

ანდრო ბიწაძე, აკადემიკოსი.

 

„ნიკო მუსხელიშვილის მეცნიერული შემოქმედების დასაწყისად 1915 წელი უნდა მივიჩნიოთ, როცა მან პირველი შრომა დასტამბა თვალსაჩინო მექანიკოსთან გ. კოლოსოვთან თანაავტორობით. ამ შრომას მოჰყვა დრეკადობის თეორიის სხვადასხვა ამოცანისა და მათემატიკური ფიზიკის პრობლემებთან დაკავშირებული ახალი გამოკვლევები.  მეცნიერის განსაკუთრებული შემოქმედებითი აღმავლობა იმ დროიდან იწყება, როცა მან გამოაქვეყნა შესანიშნავი მეცნიერული პუბლიკაციები. შექმნა ორი ფუნდამენტური მონოგრაფია: „დრეკადობის მათემატიკური თეორიის ზოგიერთი ძირითადი ამოცანა“ და „სინგულარული ინტეგრალური განტოლებები“, რომელთაც იშვიათი პოპულარობა ხვდათ როგორც საბჭოთა კავშირის, ისე საზღვარგარეთის მათემატიკოსთა და მექანიკოსთა ფართო წრეებში.

ნიკო მუსხელიშვილი

ბევრი უცხოელი მათემატიკოსისა და მექანიკოსისათვის საქართველო ნიკო მუსხელიშვილის სახელთანაა დაკავშირებული. ეს არის ეროვნული ინტერესების რეალური სამსახური. ჭეშმარიტი პატრიოტობა. 1919 წელს გამოქვეყნდა ნ. მუსხელიშვილის შრომა „ბიჰარმონიული განტოლებების ინტეგრირების შესახებ“. გავიდა ხანი და მასში განხორციელებულმა ერთმა სპეციალურმა ამოცანამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე მეცნიერული დარგის – მყიფე რღვევის მექანიკის წარმოშობაში. ეს  დარგი ახლაც ინტენსიურად ვითარდება. დიდად გამოიყენება, მაგალითად, საზღვაო, საჰაერო თუ კოსმოსური ხომალდების მშენებლობაში. მისი განვითარებისათვის ერთობ ნაყოფიერი გამოდგა ნიკო მუსხელიშვილის მეთოდების მომარჯვება. დაარსდა „საერთაშორისო ჟურნალი რღვევის თეორიაში“, რომლის ყდაზე 1968 წლიდან 1976 წლამდე (ქართველი მეცნიერის გარდაცვალებამდე) ეწერა: საპატიო რედაქტორები – ა. კოტრელი (კემბრიჯი, ინგლისი) და ნ. მუსხელიშვილი ( თბილისი, საბჭოთა კავშირი).

განუზომელია ბატონ ნიკო მუსხელიშვილის ღვაწლი და დამსახურება ეროვნული მეცნიერების ყოველი დარგის განვითარებაში, მეცნიერთა  კვალიფიკაციის დახელოვნებასა და სრულყოფაში, საზოგადოებრივსა და სახელმწიფოებრივ მოღვაწეობაში. სიცოცხლის მეცხრე ათწლეულს ბატონი ნიკო ჯანმრთელი, ახალგაზრდული შემართებით შეხვდა. ასეთი გვეჩვენა ყველას მისი დაბადების 80 წლისთავის დაუვიწყარ იუბილეზე. მისთვის ჩვეულ იუმორს აფრქვევდა. სამადლობელ სიტყვაში გვითხრა: მე აქ ზედმეტად შემაქეს, მაგრამ ეს საშიში აღარ არის, 20 წლის ხომ არა ვარ, ოთხჯერ მეტისა ვარ, არ გავყოყოჩდებიო. ბოლოს „დაგვემუქრა“: კიდევ ათი წლის შემდეგ შეხვედრამდე გემშვიდობებითო, მაგრამ აღარ დასცალდა…“

ნიკო ვახანია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის

ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის

გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი;

თამაზ ებანოიძე.

უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

 

ჩვენი მარად დაუვიწყარი ბაბუკა

 

„მართალია, ერთი ციცქნა გოგონები ვიყავით, მაგრამ ახლაც კარგად გვახსოვს ჩვენი უსაყვარლესი თაფლიკაცი, ზნეკეთილი მეცნიერი, სათნო და კეთილშობილი ნიკო მუსხელიშვილი, ჩვენი ბაბუკა.

ჩვენი ბაბუკა ერთთავად მეცნიერული შრომითი და საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი მოღვაწეობით იყო გართული. ამიტომაც მას ჩვენთან სათამაშოდ და გასართობად დრო სრულებით არ რჩებოდა. მაგრამ იგი მაინც გამონახავდა ხოლმე თავისუფალ წუთებს ჩვენთვის. ასეთ დროს დიდი მჭევრმეტყველებით გვიამბობდა ქართულ ზღაპრებს მელია-კუდიგრძელიას ოინობაზე და გვაცინებდა. თბილისის ზოოპარკში დავყავდით და ჩვენთან ერთად ტკბებოდა ბაჯბაჯა დათვის ბელების და მელაკუდების ცქერით.

ბაბუკა ბუნების დიდი ტრფიალი გახლდათ. გვახსოვს, მანგლისის საკუთარი აგარაკის ეზოში როგორი მოწიწებით უვლიდა ხეხილსა და ბოსტნეულს. იყო აგრეთვე განთქმული მონადირეც. ბევრჯერ ჩაგვიტკბარუნებია პირი მის მიერ მდინარე ხრამში დაჭერილი კალმახებით და მომკილ ყანებში ნანადირევი მწყერებით. ბაბუკა სადურგლო საქმის დიდოსტატიც იყო. დიდი რუდუნებით და აკურატულობით გამოჩარხული მისი ნახელავი სკამები, ტაბურეტები და მაგიდები ახლაც ამშვენებენ ჩვენს აგარაკს. ხელმარჯვე ბაბუკამ კარგა ხანს იშრომა გადასახსნელი სახურავის მქონე თოჯინების სახლის „მშენებლობაზე“, თოჯინებისთვის განკუთვნილი საწოლისა და პაწაწინა ორთვალას გამოჩარხვაზე.

ვერასოდეს დავივიწყებთ ჩვენს ბაბუკას…“

ოლღა და მარინე მუსხელიშვილები