ძველი საბავშვო გამოცემებიდან
ძველი საბავშვო გამოცემებიდან

სხვა დანარჩენთან ერთად მამაჩემი საყმაწვილო წიგნის გამოცემასაც აპირებდა. ამ მიზნით ძველ საბავშვო პერიოდიკაში გამოქვეყნებულ უამრავ მასალას მოუყარა თავი. უნდოდა, გამოემზეურებინა, რა სულიერ საზრდოს აწვდიდნენ პატარებს ჩვენში საბავშვო გამოცემათა გარიჟრაჟზე. არ ვიცი, იმ უამრავი მასალიდან საბოლოოდ რას გადაარჩევდა კრებულში შესატანად. მე კი ამჯერად იმას ვაქვეყნებ, რაც მასალებით სავსე ძალზე სქელი საქაღალდიდან პირველი ამოჰყვა ხელს. აქ წარმოდგენილი ფრაგმენტები მოხმობილია ძველი საბავშვო ჟურნალებიდან „ჯეჯილი“, „ნობათი“ და „ნაკადული“:

მარინა ბუზუკაშვილი

აკაკის გამოცანები

ხმას არ იღებს, ლაპარაკობს
წინ გვიყენებს ცოცხალ-მკვდრებსა,
არ იცინის და არც სტირის,
ჩვენ კი გვაცინ-გვატირებსა.

                                                            (წიგნი)

უენოა, მაგრამ უხმოდ,
ბევრი რამ კარგის მთქმელია;
სულელის დაწუნებული,
ჭკვიანის სანატრელია.

                                                            (წიგნი)

დედასაც ვჭამთ, შვილსაცა ვსვამთ,
ორივე გემრიელია;
დედა ახალი სჯობია,
შვილი – რაც უფრო ძველია.

                                                                                     (ყურძენი და ღვინო)

არც ფრთები აქვს, არც ფეხები,
იკლაკნება გველივითა;
სვამს და არ სჭამს, გზა-გზა დადის
და მიზუის მგელივითა.

                                                                           (მატარებელი)

ფეხში რომ ხელი მომკიდეს,
ზღვაში ჩამკიდეს თავითა,
რომ ამომიღეს, თეთრი გზა,
მოვრწყე ცრემლითა შავითა.

                                                                   (კალამი)

ყმაწვილისთვის სასარგებლო
ვარ მისგანვე განწირული:
თავსა მჭრის, რომ გამომიჩნდეს
დაფარული შავი გული.

                                                                     (ფანქარი)

თეთრი რამ შავზე დახტოდა,
სტოვებდა თეთრსა კვალსაო,
კვალშივე უდგა ყმაწვილი,
არ აშორებდა თვალსაო.

                                                                                   (დაფა და ცარცი)

არა სჭამს, მხოლოდ წყალსა სვამს,
გულ-ხარბი ყოვლის მხრითაო;
თუ ხელი ვინმემ მოჰკიდა,
იტირებს ცრემლის ღვრითაო.

                                                                            (ღრუბელი)

ოცდათორმეტი ძმები ვართ,
როდესაცა ვართ სრულადო,
გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს,
მხარს ვაძლევთ მეგობრულადო;
და ვაი, იმის სიმრთელეს,
ვისაც შევხვდებით მტრულადო!

                                                                          (კბილები)

 

 

●●●

მამა და შვილი

 

–  მოგილოცავ, მამიკო! შენ ყველაზე ბედნიერი მშობელი ხარ ჩვენს კლასში.

–  რა ბედნიერება მომიტანე, ჩემო გამხარებელო შვილო?

– გაისად ახალი სახელმძღვანელოების შესაძენად ყველა დედ-მამამ ფული უნდა დახარჯოს, შენ კი არა, – მე იმავე კლასში დამტოვეს.

***

– მამიკო, სპილო თუ უწევს ხოლმე თავის შვილს ყურს?

– არა შვილო.

– აფსუს, ისეთი დიდი ყურები აქვს და რა უქმად სცდება!

***

– მამა, ხვალ სკოლაში მშობელთა კრებაა, მხოლოდ ვიწრო წრისთვის.

– როგორ თუ ვიწრო წრისთვის?

– იქნებით მხოლოდ შენ და მასწავლებელი.

***

– მამიკო, ვთქვათ, რაიმე ნივთი დაგეკარგა, გეცოდინება სად არის ?

– ეს რა შეკითხვაა? როგორ შეიძლება რაიმეს დაკარგული ერქვას, თუ გვეცოდინება სად არის!

– რა კარგია! მაშასადამე, შენი ოქროს საათი არ ყოფილა დაკარგული. ზუსტად ვიცი სადაც არის –  – ამ დილით საკანალიზაციო მილში ჩამივარდა.

***

– მამიკო, შენ სიბნელეში წერა შეგიძლია?

– კი, მიცდია ხოლმე.

– აბა, ჯერ ჩააქრე შუქი და მერე მომიწერე ხელი დღიურზე.

– ეს რა დღიურია ბიჭო? ყველა ცუდი ნიშნის კოლექციის შეგროვება გადაწყვიტე? არ ვარგა ასე! – იცი, რომ შენს ასაკში ნაპოლეონი თავის კლასში პირველი მოწაფე იყო.

– მე ისიც ვიცი, მამა, შენს ასაკში ნაპოლეონი უკვე იმპერატორი იყო.

 

ძმურად

შალიკო და მიხა ბაზრიდამ მოსულ მამას შეეგებნენ. მამამ უფროს შვილს, შალიკოს გაუწოდა ტკბილი კვერი და უთხრა:

– აჰა, ეს ტკბილი კვერი და მიხასაც გაუყავი, მხოლოდ იცოდე, ძმურად უნდა გაუყო.

– ძმურად როგორ უნდა გავუყო მამიკო! – ჰკითხა შალიკომ.

– აი, როგორ: უნდა ეგ კვერი გადატეხო, უფრო მოზრდილი ნატეხი მიხას მისცე და მომცრო შენთვის აიღო.

– მამილო, მოდი ეს კვერი მიხას მიეცი და უთხარი, ძმურად გამიყოს!

 

ფილიპეს ელჩი 

ერთხელ ესპანეთის მეფემ ფილიპე მეორემ გაგზავნა ქალაქ რომში ელჩი, რომ მოელოცა პაპისათვის ტახტზე ასვლა. ელჩი იყო ახალგაზრდა, უწვერ-ულვაშო. პაპმა ეს ძალზე იუცხოვა და უთხრა:

– ნუთუ თქვენს მეფეს ისე გაუწყდა ხალხი, რომ ელჩად წარმოეგზავნა?

– ჩემს მეფეს რომ სცოდნოდა, რომ ღირსებას წვერი შეადგენს, მაშინ ის წარმოგიგზავნიდათ ვაცს და არა კაცს! – მიუგო თავმომწონედ ესპანელმა

 

ყასაბი და ვექილი 

ერთხელ დიდი ძაღლი მიდიოდა საყასბოს გვერდით. სულმა წასძლია და ერთი დიდი ნაჭერი ხორცი გაიტაცა და გაიქცა. ყასაბმა იცოდა, რომ ძაღლი ეკუთვნოდა ცნობილ ვექილს, რომელიც დუქნის მეზობლად ცხოვრობდა.

ყასაბი მაშინვე გაეშურა ვექილთან და შესჩივლა:

 – მინდა რჩევა გკითხოთ, ბატონო! ძაღლმა დიდი ნაჭერი ხორცი მომტაცა დუქნიდან და შეიძლება გადავახდევინო ფასი იმის პატრონს?

– რატომაც არა, – შეჰყვირა კანონების მცოდნე ვექილმა, რომელსაც ფიქრადაც არ მოუვიდა, თუ მტაცებელი იმის ძაღლი იქნებოდა.

 – მაშ, კარგი, ბატონო. თქვენი ძაღლი გახლდათ მტაცებელი და ვალდებული ბრძანდებით, გადამიხადოთ ოთხი ფრანკი დიდი ნაჭერი ხორცის საფასურად.

ვექილმა  მაშინვე გადაიხადა ოთხი ფრანკი და ყასაბი კმაყოფილი დაბრუნდა თავის დუქანში, მაგრამ… წუთის შემდეგ მიიღო შემდეგი შეტყობინება:

„ბატონმა ყასაბმა უნდა გადაიხადოს ვექილის სასარგებლოდ ათი ფრანკი იმ რჩევისთვის, რომელიც მან ნახევარი საათის წინ მიიღო“.

 

 

 ქალაქის აფთიაქის წინ შორეული სოფლიდან მოსულმა გლეხმა გააჩერა ურემი და უშველებელი ფიჭვის კარი ფრთხილად გადმოიღო.

– ეი, ძმაო! აქ რა გინდა, დურგალი აი, აგერ, პირდაპირ, – თეთრ სახლშია, – დაუძახა აფთიაქის პატრონმა გლეხს.

 – არა, შენი ჭირიმე, მე მხოლოდ რეცეპტი მოგიტანე… ავადმყოფ ცოლთან ექიმი მოვიყვანე და ქაღალდი რომ ვერსად ვიშოვე, ექიმმა აი, ამ კარზე დაწერა რეცეპტი ნახშირით და თუ შეიძლება, მომიმზადეთ წამალი.