ზვიად შალამბერიძე - ადგილობრივი ხელისუფლება საშვს გასცემს ყველა იმ მოქალაქეზე, ვისაც უწევს საგაზაფხულო სასოფლო სამუშაოებისთვის ქალაქიდან გასვლა
ზვიად შალამბერიძე - ადგილობრივი ხელისუფლება საშვს გასცემს ყველა იმ მოქალაქეზე, ვისაც უწევს საგაზაფხულო სასოფლო სამუშაოებისთვის ქალაქიდან გასვლა

ადგილობრივი ხელისუფლება საშვს გასცემს ყველა იმ მოქალაქეზე, ვისაც უწევს საგაზაფხულო სასოფლო სამუშაოებისთვის ქალაქიდან გასვლა, – ამის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

ზვიად შალამბერიძე ქუთაისის მერიასთან ქალაქიდან გასავლელად საჭირო საშვის მისაღებად მოქალაქეთა დიდი ოდენობით მიმართვიანობის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად შემოსული განაცხადების გამო მოქალაქეთა ნაწილს უარი ეთქვა. გუბერნატორის თქმით, მერიამ ყველაფერი გააკეთა, რათა სოციალური დისტანცია არ დარღვეულიყო.

გუბერნატორმა მოუწოდა მოქალაქეებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართონ საშვისთვის ხელისუფლებას, რაზეც საკოორდინაციო საბჭომ გასცა ნებართვა, საუბარია სასოფლო სამეურნეო სამუშაოებზე.

„ხშირია შემთხვევა, როდესაც საშვისთვის მოგვმართავენ მოქალაქეები, რომლებსაც რეალურად არ სჭირდებათ საშვი სასოფლო სამუშაოების საწარმოებლად. სულ უფრო კრიტიკულად ვუდგებით მომართვის საფუძვლიანობის საკითხს“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ქუთაისის მერიასთან ქალაქიდან გასავლელად საჭირო საშვის მისაღებად, მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი. ტერიტორიაზე დარღვეული იყო სოციალური დისტანცია.