ზვიად კვაჭანტირაძე - ევროსაბჭოში გიორგი კანდელაკს ჩემი ადგილი დავუთმე, გამოსვლის საშუალება მივეცი და რეზოლუციას ხმას ფიზიკურად ვეღარ მივცემდი
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე ევროსაბჭოში „მაგნიტსკის სიის“ კენჭისყრის პროცედურას განმარტავს.
ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ვიცე-სპიკერ სერგი კაპანაძის დღევანდელი განცხადება არის სირცხვილი.
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიას არათუ მხარი დავუჭირე, არამედ ამ საკითხის ერთ-ერთი თანაინიციატორი და წარმდგენი ვიყავი ისევე, როგორც იყვნენ დიმიტრი ცქიტიშვილი, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი. ვინაიდან, კანდელაკს ამ თემაზე სიტყვით გამოსვლა ძალიან სურდა, როგორც ასამბლეის სათადარიგო წევრმა თხოვნით მომმართა სესიის სხდომის მეორე ნახევარში ჩემი ადგილი მისთვის დამეთმო, რათა გამოსვლის საშუალება მისცემოდა. ასამბლეაში ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა და ასამბლეის სამდივნოს წინასწარი გაფრთხილებით ხდება. შეიძლება, დელეგაციის სათადარიგო წევრს ადგილი მუდმივმა წევრმა დღის პირველ ან მეორე ნახევარში დაუთმო, მაგრამ იმ დღეს ვეღარაფერს შეცვლი. მას ჩემი ადგილი დავუთმე და გამოსვლის საშუალება მივეცი. შესაბამისად, კენჭისყრაში ჩემს ნაცვლად მონაწილეობის უფლება. ხმას ფიზიკურად ვეღარ მივცემდი, რადგანაც კანდელაკს ადგილი დავუთმე. ეს კაპანაძემ არ იცის? კომუნიკაცია მოშლილი გაქვთ? სირცხვილია, ამდენი სპეკულაცია, ტყუილი, ნახევრად ტყუილი და ინსინუაციები. გასაგებია, რომ ეს გათვლილია ადგილობრივი მოხმარებისთვის. ვიღაცამ ეს ტყუილი მოისმინა, დაიჯერა და შესაძლებელია, პასუხს ვერც ან არც მოუსმინოთ. ასეთ მანიპულაციებსა და ბლეკმეილინგზე ხარჯავენ დროს და ენერგიას, თუმცა მაინც – ტყუილს მოკლე ფეხები აქვს ყოველთვის“, – აღნიშნავს კვაჭანტირაძე.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ დღეს განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებამ” უნდა განმარტოს, რატომ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოში მიღებულ „მაგნიტსკის სიას“, რომლის ერთ-ერთ შემადგენელიც არის „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“.