„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 1000 ლარით დააჯარიმა.
საქმე ეხება ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის ფაქტზე მიმდინარე სასამართლო პროცესს. გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა მიიღო.
ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის მტკიცებით, ზვიად კუპრავა რამდენიმე თვის წინ, მას სასამართლოს ეზოში თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს. მას სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რაც სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტს გულისხმობს, ცხრა თვით პატიმრობა მიესაჯა და პატიმრობის ვადა 24 ნოემბერს ეწურება.