ზვიად კუპრავა- ბოდიშის მოხდას ცხადია, არ ვაპირებ, სასამართლოში მოწმეებთან ერთად მივალ
ზვიად კუპრავა- ბოდიშის მოხდას ცხადია, არ ვაპირებ, სასამართლოში მოწმეებთან ერთად მივალ

“ბოდიშის მოხდას ცხადია, არ ვაპირებ“- ასე ეხმაურება ორგანიზაცია „რეფორმატორების“ თავმჯდომარე, ზვიად კუპრავა ია მეტრეველის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანას. როგორც კუპრავა აცხადებს, ორგანიზაციამ შეისწავლა იმ ფონდის საქმიანობა, რომელსაც 2012 წელს ია მეტრეველი ხელმძღვანელობდა. მისივე თქმით, შესაბამისი დოკუმენტებით და მოწმეების ჩვენებებით დგინდება, რომ ფონდში თანხების არამიზნობრივი ხარჯვა ხდებოდა.

„ჩვენ შევისწავლეთ ფონდის საქმიანობა, რომლის თავმჯდომარეც არის ია მეტრველი. იქ აღმოვაჩინეთ ფინანსური დარღვევები და შესაბამისად, მივმართეთ პროკურატურას კითხვით, ხომ არ იკვეთება დანაშაული. პროკურატურამ რომ გამოძიება არ დაიწყო, არ ნიშნავს, რომ დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა. მე დოკუმენტები მიჭირავს ხელში, რომელიც პირად ინფორმაციას არ შეიცავს. ეს არის ფონდის გადარიცხვები და ფონდის დოკუმენტაცია. ბოდიშის მოხდას ცხადია, არ ვაპირებ. ია მეტრეველი ამ პროცესს ვერ მოიგებს, მე სასამართლოში მივალ მოწმეებით, რომლებიც ფონდის საქმიანობით დაზარალებულები არიან. ამ ადამიანებს ფონდი ფულს ადებინებდა და ეუბნებოდნენ, რომ იპოთეკით დაზარალებულების სია დგებოდა და დაეხმარებას პირდებოდნენ“. – განაცხადა კუპრავამ.

ია მეტრეველი ორგანიზაცია “რეფორმატორების” თავმჯდომარეს, ზვიად კუპრავას პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივის. სარჩელის მიხედვით, კუპრავამ  ფონდი “ქომაგიდან” კონფიდენციალური დოკუმენტები ამოიღო, რისი უფლებაც არ ჰქონდა. მეტრეველი აცხადებს, რომ ფონდი „ქომაგის” მიმართ ბრალდებები არასწორია და ზვიად კუპრავასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.