ზვიად ფხაკაძე - პროკურატურის არგუმენტები შესაბამისი და ადეკვატური იყო
პროკურატურის არგუმენტები შესაბამისი და ადეკვატური იყო, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, რომელიც დღეს შსს-ს წარმომადგენელ კახა სირაძესთან ერთად დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოკითხეს.
მისი თქმით, კითხვებს პასუხი გაეცა, მათ შორის ფარდულთან და მკვლელობის იარაღთან დაკავშირებით.
„კითხვებს, რაც ფარდულს და გაღუნულ დანას ეხებოდა, პასუხი გავეცით, ვერბალურადაც და ფოტოილუსტრაციითაც. მიგვაჩნია, რომ პასუხები შესაბამისია. თუ კონკრეტულად ვინმესთის არ არის დამაჯერებელი, ეს სხვა კვლევის საგანია. ხვალაც მოვდივართ პარლამენტში და მზად ვართ, გავცეთ პასუხი“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
ამასთან, მისი თქმით, ვიდეოკამერებზე არსებული საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია ოპერატიულად იქნა დამუშავებული.
დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც დღეს 10:00 საათიდან მიმდინარეობდა, ხვალ 15:00 საათზე, კვლავ კახა სირაძისა და ზვიად ფხაკაძის გამოკითხვით გაგრძელდება. დღევანდელ გამოკითხვაზე მათ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრეს და კომისიის წევრების კითხვებს უპასუხეს.