ზვიად ფხაკაძე - მირზა სუბელიანი მაშინ ვნახე, როცა მისი შვილი იკითხებოდა, მასთან საუბარი არ მქონია
ზვიად ფხაკაძე - მირზა სუბელიანი მაშინ ვნახე, როცა მისი შვილი იკითხებოდა, მასთან საუბარი არ მქონია

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე და შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი კახა სირაძე აცხადებენ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქმეში მთავარი პროკურატურის თანამშრომლის, მირზა სუბელიანის შვილი ა.ს. ფიგურირებდა, შემთხვევის დღეს, გასული წლის 1 დეკემბერს, მისი დაკითხვისას მიიღეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის სხდომაზე მათ კომისიის მდივნის, დეპუტატ ოთარ კახიძის კითხვას უპასუხეს, რომელმაც ფხაკაძესა და სირაძეს ჰკითხა, როდის მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა მთავარი პროკურატურის თანამდებობის პირის, მირზა სუბელიანის შვილი ა.ს. და მისი დეიდაშვილი მ.კ.

ზვიად ფხაკაძის განცხადებით, აღნიშნულის შესახებ მან ინფორმაცია 1 დეკემბერს მიიღო.

„1 დეკემბერს, როდესაც ა.ს. იკითხებოდა, შესაბამისად იმ მომენტიდან მივიღე ინფორმაცია ან შეიძლება ნახევარი საათით ადრე ვიცოდი, რომ უნდა მოეყვანათ ეს პიროვნება და უნდა დაეკითხათ“, – განაცხადა ფხაკაძემ.

კითხვაზე – ხომ არ დაკავშირებია მას მირზა სუბელიანი, ფხაკაძემ აღნიშნა, რომ სუბელიანთან არანაირი  კონტაქტი არ ჰქონია.

„ცალსახად ვადასტურებ, რომ მირზა სუბელიანთან მე არანაირი კონტაქტი არ მქონია. როდესაც დაკითხვა მიმდინარეობდა, მაშინ ვნახე, რომ იკითხებოდა მამასთან ერთად, საუბარი არ მქონია“, – განაცხადა ფხაკაძემ.

რაც შეეხება კახა სირაძეს, მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია დაკითხვების დროს, 1 დეკემბერს, დაახლოებით 18 -19 საათზე მიიღო. მისივე განცხადებით, ა.ს.  ძველი თბილისის პოლიციის ერთ-ერთ დანაყოფში დაიკითხა.

„როცა დაკითხვაზე მიიყვანეს, მაშინ გავიგე. პიროვნებამ წარმოადგინა თავისი არასრულწლოვანი შვილი პირდაპირ გამოძიების ორგანოში. რაიმე შეტყობინება ან განცხადება ამას არ უძღოდა. მოვიდა და მოიყვანა შვილი – ამ ფაქტის წინაშე დავდექით“, – განაცხადა სირაძემ.

კახიძის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას საუბარი ხელმძღვანელობასთან, რომ საქმის ფიგურანტი არის პროკურატურის თანამდებობის პირის შვილი, სირაძის განცხადებით, მას კონკრეტულად მირზა სუბელიანთან დაკავშირებით არ უსაუბრია.

„ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება. დაიკითხა მისი არასრულწლოვანი შვილი. ჩვენებიდან გამომდინარე, გარკვეულწილად რაღაც ინფორმაცია მისცა, ერთ-ერთი პირველადი ინფორმაცია, თუ რასთან გვქონდა საქმე, რომელ მხარეებს შორის იყო დაპირისპირება და ა.შ. დანარჩენი კუთხით, მირზა სუბელიანზე არ მისაუბრია“, – განაცხადა კახა სირაძემ.