ზვიად ძიძიგური - ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი არ არის
ზვიად ძიძიგური - ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი არ არის

ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი არ არის, – განაცხადა პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„ის არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე. ის თვითონ პარტიამ აირჩია და იმ პარტიამ შემდეგ, არჩევნებში გაიმარჯვა. არაფორმალური მმართველი შეიძლება, მაშინ გეწოდებინა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავის საკუთარ პარტიაში არ იყო თავმჯდომარე. ახლა კი, როდესაც თავისი პარტიის თავმჯდომარეა, მას ეს ბერკეტი აქვს ხელში“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ამ განცხადებით ზვიად ძიძიგურმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი და მოვა თუ არა ის პრემიერ-მინისტრად.

შეკითხვაზე, არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ხელისუფლება არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დათანხმდეს, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ ეს გამორიცხულია.

„ეს თემა გამორიცხული მგონია, ვინაიდან რა ტიპის რყევები და დისკომფორტიც „ქართულმა ოცნებამ“ გადაიტანა იმის გამო, რომ თავისი გადაწყვეტილება შეცვალა, ნაკლებად შესაძლებელია, ახლა ამ ინიციატივას ისევ მიუბრუნდეს“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მისი თქმით, პროპორციული სისტემის კონსტიტუციაში ჩაწერა და საზოგადოებისთვის პროპორციული სისტემის შეთავაზება „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო და ამაზე უარის თქმის გამო მმართველმა გუნდმა პოლიტიკურად უნდა გადაიხადოს.

„პოლიტიკურად გადახდა იმაში გამოიხატება, რომ მუდმივად გაქვს დისკომფორტი და რაღაც ტიპის დაძაბულობა, ხან საკრებულოში, ხან პარლამენტში, ხან პროკურატურასთან და ხან სად. ეს არც ერთი არ იყო და „ქართულმა ოცნებამ“ პრობლემა ძალით შეიქმნა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საჭიროა, მოხდეს პოლიტიკური ველის დივერსიფიცირება.

„თუ პოლიტიკურ მინდორზე მუდმივად ერთი და იგივე ვითარება იქნება, ჯერ ერთი, სხვა პოლიტიკური პარტიები ვერ განვითარდებიან და თუ სხვა პოლიტიკური პარტიები ვერ განვითარდებიან, დაივიწყე პოლიტიკური კულტურა, ეკონომიკის განვითარება, პასუხისმგებლიანი პარტიები, და ა.შ. ასე დემოკრატიული ინსტიტუტებიც ვერ ჩამოყალიბდება, გამორიცხული ამბავია. იმიტომ, რომ ყოველთვის, როდესაც აბსოლუტური ძალაუფლება გაქვს, შემდეგ გიზიდავს ცდუნება, ეს ძალაუფლება იმაზე მეტად გამოიყენო, ვიდრე ამის ნება გაქვს და ასეთი ტიპის ნიშნებს უკვე ვხედავთ. როდესაც ბევრი პოლიტიკური მოთამაშეა, ამისგან დაზღვეული ხარ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ორი პოლუსია – ერთ მხარეს დგას ბიძინა ივანიშვილი, ხოლო მეორე მხარეს მიხეილ სააკაშვილი.

„არის ასეთი პარტია „ევროპული საქართველო“, რომელშიც ბოკერია, უგულავა და სხვები არიან, მაგრამ გარწმუნებთ, რომ საკმარისია, ამ ორპოლუსიანი არჩევნების შედეგად ბერკეტი მიხეილ სააკაშვილმა ჩაიგდოს ხელში და მის სწრაფვას ვერავითარი ბოკერია-ბაქრაძე ვერ გააჩერებს. მე ვიცი, როგორი ტიპის ვამპირული დამოკიდებულება აქვს მას ძალაუფლებასთან“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ იქ, სადაც არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, დიდ უმრავლესობას ოპოზიცია მოიგებს.

„იქ, სადაც მეორე ტური იქნება, ღრმად ვარ დარწმუნებული, დიდ უმრავლესობას ოპოზიცია მოიგებს. იქიდან გამომდინარე, რომ საერთოდაც ასეა. უმრავლესობას და ხელისუფლებას მხარდამჭერი ვინც ჰყავს, პირველივე ტურში მიდის და აძლევს ხმას. შეკრების უფრო მეტი რესურსი ოპოზიციურ კანდიდატებს გააჩნიათ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.