ზურაბ სიხარულიძე - მარიხუანაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სწორი იყო
ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება მოზარდობის ასაკში საზიანოა ორგანიზმისთვის, აქვს მნიშვნელობა 17 წლის ასაკში, თუ 21-ის, – ამის შესახებ ნარკოლოგმა, ზურაბ სიხარულიძემ მარიხუანას მოხმარებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სწორი იყო და საზოგადოებამ ის კარგად ვერ აღიქვა.
„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაცია ხდება. საქართველოში არ მომხდარა მარიხუანას საბოლოოდ ლეგალიზაცია, მოხდა მხოლოდ მოხმარების დეკრიმინალიზაცია და ეს გადაწყვეტილება ძალიან სწორი იყო. ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების არასწორი ან მოხმარება მოზარდობის ასაკში არის საზიანო ორგანიზმისთვის, 17,18, 20 თუ 21 წლის ასაკში, არ აქვს მნიშვნელობა. მარიხუანა, ალკოჰოლი, თამბაქო თუ ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რა თქმა უნდა, საზიანო არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის. თუმცა დღეს შეიცვალა გარკვეული შეხედულებები და თუ ადრე მარიხუანა ითვლებოდა კარიბჭის ნარკოტიკად, აღმოჩნდა, რომ პირველი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელსაც ადამიანი სინჯავს არის არა მარიხუანა, არამედ ალკოჰოლი ან თამბაქო, რომელიც ბევრად უფრო საზიანოა, ვიდრე სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებები“, – განაცხადა ნარკოლოგმა.
მისი თქმით, შესაბამისად, რთულია იმის თქმა, ადამიანი მძიმე ნარკოტიკის მოხმარებაზე მარიხუანას შემდეგ გადადის თუ ალკოჰოლის, ან რომელიმე სხვა ნივთიერების შემდეგ.
„დეკრიმინალიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი, ეს მოახდენს იმას, რომ ადამიანების დასჯის ნაცვლად, ზრუნვით შეიცვლება მიდგომა; მეორე – შეჩერდეს ნარკოტიკის მოხმარების მზარდი ტენდენცია ქვეყანაში; მესამე – ეს ცვლილება აუცილებელია, რომ დავინახოთ, რასაც წლები ვაკეთებდით, იმან არ იმუშავა და ახალი მიდგომა შევიმუშაოთ, ისეთი, რამაც მსოფლიოში იმუშავა, შეამცირა ინფექცია, კრიმინალი და სხვადასხვა ზიანი“, – აღნიშნა ზურაბ სიხარულიძემ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „გირჩის“ წევრების, ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისთვის არსებული ყველა სანქცია არაკონსტიტუციურად ცნო.