აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სარფის საბაჟოზე აქციის მონაწილეებს შეხვდა, რომლებიც თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ.
როგორც ზურაბ პატარაძემ განაცხადა, თურქეთში გადასვლის ახალი რეგულაციების საკითხზე ართვინის გუბერნატორს შეხვდება.
„მივემგზავრები თურქეთში. შევხვდები ართვინის გუბერნატორს. მოლაპარაკებები უფრო მაღალ დონეზეც მიმდინარეობს, რათა ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის იყოს კომფორტული და თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა იყოს სტაბილური. მე რამდენიმე საათში დავბრუნდები და შედეგებს გაგაცნობთ“, – განაცხადა პატარაძემ.
სარფის საბაჟოზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები, რომლებიც თურქეთში მუშაობენ და საზღვარს ყოველდღიურად კვეთენ, იმ რეგულაციების გაუქმებას ითხოვენ, რომლებიც პირველი იანვრიდან თურქეთის მთავრობამ აამოქმედა.
ცვლილებების თანახმად, 2018 წლის პირველი იანვრიდან თურქეთის საზღვრის გადაკვეთა და ტერიტორიაზე, მცირე დროით დარჩენაც კი, ერთ კალენდარულ დღედ ჩაითვლება.
საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში თურქეთში 90 დღით დარჩენის უფლება აქვთ. 90 დღის გასვლის შემდეგ კი, მათ ბინადრობის უფლების მიღება მოუწევთ.