ხვალ, 18:00 საათიდან სარფის გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების მიმოსვლა დროებით შეიზღუდება, შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს
ხვალ, 18:00 საათიდან სარფის გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების მიმოსვლა დროებით შეიზღუდება, შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს

ხვალ, თბილისის დროით 18:00 საათიდან დროებით შეიზღუდება ფიზიკური პირების მიმოსვლა სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს.

„საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის შედგა შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე ხვალ, საქართველოს დროით 18:00 საათიდან დროებით შეიზღუდება ფიზიკური პირების მიმოსვლა სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე.

სატვირთო გადაზიდვები ჩვეულებრივ რეჟიმში განხორციელდება და სრული დატვირთვით იმუშავებს ვალესა და კარწახის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები, სადაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, თუ ისინი აპირებენ ქვეყანაში დაბრუნებას, ისარგებლონ შესაბამისი პუნქტებით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, ეს არის დროებითი ღონისძიება, რომელიც მიღებულია კორონავირუსის პრევენციის მიზნით.

„საქართველოს მთავრობა მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციებით ახორციელებს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის პრევენციას და ამ რისკების მაქსიმალურ შერბილებას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპლომატიური წარმომადგენლობები, საკონსულო დაწესებულებები მაქსიმალურ კონტაქტზე იქნებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან, როგორც ინფორმაციის მიწოდების, ისე ყველა ლოჯისტიკური და ტექნიკური დახმარების თვალსაზრისით, რომელიც შეიძლება, დასჭირდეს ჩვენს მოქალაქეებს“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.