ზურაბ ნოღაიდელი - მაკვირვებს მაშინდელი ჩემი კოლეგების, მათ შორის სააკაშვილის განმარტებები, რომ წინასაარჩევნოდ დავით გარეჯზე გამოძიება არ უნდა მიმდინარეობდეს, პირიქით, მე დაინტერესებული ვარ, ყველაფერი გაირკვეს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით მისი ყოფილი კოლეგების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო გაკვირვებულია.
კერძოდ, ნოღაიდელი გამოეხმაურა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ დავით გარეჯის საზღვრების თემაზე გამოძიება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.
ზურაბ ნოღაიდელის განმარტებით, თავად დაინტერესებულია, გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, ყველაფერი გაირკვეს და მისი სახელი გამართლდეს.
„მაშინდელი ჩემი კოლეგების განმარტებები დღეს ცოტათი მაცვიფრებს და მაკვირვებს, მათ შორის სააკაშვილისაც. მესმის, რომ ახლა წინასაარჩევნო პერიოდია და სიტუაცია დუღს, მაგრამ თუ ჩვენ ერთი პოზიცია გვქონდა მაგალითად, 2005-2006-2007 წლებში, სხვა პოზიცია ხომ არ გვექნება ახლა წინასაარჩევნო პერიოდში, 2020 წელს? შეიძლება, გამოჩნდა რაღაც ახალი გარემოება 1938 წლის რუკის სახით და, ცხადია, ჩვენ გვინდა, ეს უპირატესობები გამოვიყენოთ, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ გამოძიება არ უნდა მიმდინარეობდეს წინასაარჩევნო პერიოდში, პირიქით, მე მაგალითად დაინტერესებული ვარ, რომ ეს გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, შესაბამისად, ყველაფერი გაირკვეს, რომ ჩემი სახელი გამართლდეს პირველ რიგში, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის ამ კონკრეტულ საკითხში. ასევე, განსაცვიფრებელია, რომ „არა, ჩვენ გვქონდა რაღაც სხვა დოკუმენტები, ჩვენ სხვა პოზიციებს ვიცავდით, სხვა რამეებს ვაკეთებდით“ – თუ გვეგონა ისე იყო, ესეიგი, დღესაც იგივე პოზიციაზე უნდა ვიყოთ. მე უფრო მომეწონებოდა მაგალითად ითქვას, რომ ეს არის ჩვენი პოზიცია, ეს იყო იმ ინფორმაციების საფუძველზე, რაც ჩვენ გვქონდა, დღესაც ეს პოზიცია უნდა გვქონდეს და ვიყავით მართალი. მე, მაგალითად, მართალი ვიყავი მაშინაც და დღესაც.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება, ამ წერილის ნაცვლად, დამერეკა არტურ სიზადესთან და სიტყვიერად მეთხოვა მისთვის. ნებისმიერისგან მომეწონებოდა ამის თქმა, ნებისმიერი უშიშროების საბჭოს წევრისგან, მათ შორის, სააკაშვილისგან და არა ის, რაზეც იყო საუბარი სამწუხაროდ, რომ ახლა ჩემზე რაღაც ჩვენებას მისცემს სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარე მანჯგალაძეო, რაღაცას დამაბრალებენო, ეს სრული აბსურდი. და მემგონი, ამაზე საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი, ასეთი გაუგებარი განმარტებები ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. ჩემი აზრით, ადამიანს ერთი და იგივე პოზიცია უნდა ჰქონდეს მთავრობაში ყოფნის დროსაც და 10, თუ13 წლის შემდგომ, წინასაარჩევნო პერიოდში“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა „დღის კურიერის“ ეთერში.
ნოღაიდელი მიიჩნევს, რომ არჩევნების წინ იქნება, თუ შემდეგ, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გამოძიებისთვის კარგი დრო არ არსებობს.
„ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გამოძიებისთვის კარგი დრო არ არსებობს. არჩევნების წინ იქნება, არჩევნების მერე, ერთი თვის შემდეგ, ოთხი წლით ადრე, თუ ოთხი წლით გვიან, ეს საკითხი ყოველთვის რთული და მძიმე იქნება. ჩემი აზრით, აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანებს საქართველოს უმნიშვნელოვანეს საკითხებზე არჩევნების წინაც და შემდეგაც ერთი და იგივე პოზიცია ჰქონდეთ.
ჩვენ ვერ შევიცვლით ამ საკითხზე პოზიციას იმის მიხედვით, ახლა წინასაარჩევნო პერიოდია, თუ შემდეგ ვთქვათ პოსტსაარჩევნო პერიოდი იქნება. ჩემი პოზიციაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს გამოძიება და გაეცეს ყველა კითხვას პასუხი, რომ ჩვენ ვიცოდეთ ყველა დასმულ კითხვაზე ზუსტი პასუხი და მტყუან-მართალი თავიდან ბოლომდე, დეტალურად იყოს გარკვეული. სულაც არაფერში მჭირდება, რომ რამე კითხვის ნიშანი ისმებოდეს ჩემ მიმართ“, – აღნიშნა ნოღაიდელმა.
ზურაბ ნოღაიდელის ინფორმაციით, 2005 წელს, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დავით გარეჯის სამი სალოცავი აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა, რის შემდეგაც სააკაშვილმა გააკეთა დასკვნა, რომ მთავარი ამოცანა მათი რესტავრაციაა.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.
მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.