ზურაბ ნოღაიდელი - 2005 წელს, უშიშროების საბჭოზე ითქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დავით გარეჯის სამი სალოცავი აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა, ამის შემდეგ სააკაშვილმა გააკეთა დასკვნა, რომ მთავარი ამოცანაა მათი რესტავრაცია
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, საქართველოს საზღვრების დადგენის საკითხს თავად იხილავდა მხოლოდ, როგორც უშიშროების საბჭოს წევრი, საბჭოს სხდომების ფარგლებში.
ნოღაიდელის განცხადებით, 2005 წელს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე პირდაპირ დაისვა კითხვა, თუ რომელ მხარეს რჩებოდა დავით გარეჯის კომპლექსის სამი სალოცავი.
ზურაბ ნოღაიდელის განმარტებით, მომხსენებლის ვინაობა არ ახსოვს, თუმცა ახსოვს, რომ მკაფიოდ ითქვა – დავით გარეჯის სამი სალოცავი აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა.
„მე პირადად, საქართველოს საზღვრების დადგენის საკითხს, დელიმიტაციასა და დემარკაციას ვიხილავდი მხოლოდ როგორც უშიშროების საბჭოს წევრი, საბჭოს სხდომების ფარგლებში. ერთ-ერთ სხდომაზე იყო სწორედ ამ საკითხის განხილვა, სადაც პირდაპირ დაისვა საკითხი, თუ რომელ მხარეს იქნებოდა, დავით გარეჯის სამ სალოცავზეა საუბარი. აქ ისე მიდის საუბრები, ადამიანს დარჩება შთაბეჭდილება, თითქოს დავით გარეჯის ყველა სალოცავი არის საკამათო. 2005 წელსაა ეს უშიშროების საბჭო. შესაბამისად, საუბარია ჩიჩხიტურის, უდაბნოსა და ბერთუბნის სალოცავებზე, მონასტრებზე, კოშკზე. შესაბამისად, უშიშროების საბჭოზე პირდაპირ დაისვა კითხვა, თუ რომელ მხარეს იქნებოდა ეს სამი სალოცავი. მართალი რომ გითხრათ, ვინ იყო მომხსენებელი, ზუსტად არ მახსოვს, გამოძიებასაც ეს ვუთხარი ჩვენებაში, მაგრამ ალბათ სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ხელმძღვანელი ან ერთ-ერთი ხელმძღვანელთაგანი იქნებოდა. ეს საკითხი იყო დეტალურად განხილული და იქ დაისვა კითხვა, თუ რომელ მხარეს რჩებოდა დავით გარეჯის კომპლექსის ეს სამი სალოცავი.
ძალიან პირდაპირ და მკაფიოდ, ყოველგვარი თუს გარეშე ან იმის გარეშე, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ეს საბუთები, ეს რუკები და სხვაგან სხვა რუკებია, ძალიან მკაფიოდ, პირდაპირ ითქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დავით გარეჯის ეს სამი სალოცავი აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა. კითხვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დასვა, შესაბამისად, პასუხი მიიღო მომხსენებლისგან. ამის შემდეგ სააკაშვილმა გააკეთა დასკვნა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა რჩება ამ ძეგლების რესტავრაცია და ქართულ სალოცავებად შენარჩუნება“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
ნოღაიდელი „დღის კურიერთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია იჩილოვას არ იცნობს და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას საერთოდ არ ვიცნობ, არასდროს შევხვედრივარ. არ მახსოვს, იყვნენ თუ არა ოდესმე ისინი მოწვეული უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელშიც მე ვმონაწილეობდი, მემგონი, არა. მათ მუშაობასაც არ ვიცნობ“, – აღნიშნა ნოღაიდელმა.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.
მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.