ზურაბ ნოღაიდელი - 1938 წლის რუკის შესახებ არასდროს მსმენია, ჩემთვის რომ ცნობილი ყოფილიყო, მივიღებდი ზომებს, რათა ბევრად მეტი არგუმენტი გვქონოდა მოლაპარაკებებში
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ 1938 წლის 1:200 000-იანი მასშტაბის რუკის არსებობის შესახებ ახლა, მხოლოდ გამოძიების შედეგად შეიტყო.
ნოღაიდელის თქმით, მსგავსი ინფორმაცია არც მისი პრემიერობის დროს და არც მას შემდეგ არ მიუღია.
ზურაბ ნოღაიდელი ამბობს, რომ მისთვის აღნიშნული რუკის შესახებ ინფორმაცია ცნობილი რომ ყოფილიყო, შესაბამის ზომებსაც მიიღებდა.
„მხოლოდ ამ გამოძიების და გადაცემების შედეგად გავიგე ამ რუკის შესახებ. ყოველ შემთხვევაში, მე ამის შესახებ არასდროს მსმენია. არა მარტო უშიშროების საბჭოს იმ სხდომაზე, არამედ არასდროს, სამი წლის განმავლობაში, როდესაც მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი და უფრო მეტიც, არც მერე, 2007 წლის შემდეგ 13 წელია გასული, არ მსმენია და არ მიმიღია ინფორმაცია, რომ არსებობდა დამატებითი დოკუმენტები, რუკა.
ხარვეზიანი რუკაც რომ ყოფილიყო და მე რომ თავის დროზე რამე ინფორმაცია მქონოდა, ცხადია, ამ ინფორმაციას მაშინვე გამოვიყენებდი და დღემდე, 13 წლის განმავლობაში არ დაველოდებოდი დღევანდელ დღეს. ჩემთვის რომ ცნობილი ყოფილიყო ინფორმაცია, რომ არსებობს რუკა, ნამდვილად მივიღებდი ზომებს, რომ შესაბამისად ბევრად მეტი არგუმენტი გვქონოდა მოლაპარაკებებში, რადგან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს მეზობელ და მეგობარ აზერბაიჯანთან ეს პროცესი უნდა გადაწყდეს დისკრეტულად“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა „დღის კურიერის“ ეთერში.
ზურაბ ნოღაიდელის ინფორმაციით, 2005 წელს, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დავით გარეჯის სამი სალოცავი აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა, რის შემდეგაც სააკაშვილმა გააკეთა დასკვნა, რომ მთავარი ამოცანა მათი რესტავრაციაა.
ამასთან, ნოღაიდელის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით მისი ყოფილი კოლეგების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო გაკვირვებულია. კერძოდ, ნოღაიდელი გამოეხმაურა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ დავით გარეჯის საზღვრების თემაზე გამოძიება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება. ზურაბ ნოღაიდელის განმარტებით, თავად დაინტერესებულია, გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, ყველაფერი გაირკვეს და მისი სახელი გამართლდეს.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.
მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.