ზურაბ მელიქიშვილი - დარწმუნებული ვარ, ვანო მერაბიშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ მისი პოტენციალი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული
დარწმუნებული ვარ, ვანო მერაბიშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ მისი პოტენციალი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მერაბიშვილმა მზაობა გამოთქვა, რომ აქტიური იქნება.
„ვულოცავ ვანო მერაბიშვილს თავისუფლებას, ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეობიდან დახსნას. თავის გეგმებთან დაკავშირებით ყველაზე უკეთ თავად ისაუბრებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, ვანო მერაბიშვილის პოტენციალი სრულად იქნება ჩართული იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი ჩამოშორდეს. მან მზაობა გამოთქვა, რომ აქტიური იქნება და აქტიურად გამოიყენებს მის პოტენციალს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჩვენ ამ შვიდი წლის განმავლობაში ყოველდღიურად ვიბრძოდით, აქედან გამომდინარე, დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, რომ ვანო ყველაფერს გააკეთებს, თავისი პოტენციალი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული. რაც შეეხება მერაბიშვილის მიმართ დამოკიდებულებას, ჩვენ ერთად მივდივართ ამდენი ხნის განმავლობაში, ერთად დავამარცხეთ შევარდნაძის რეჟიმი და დარწმუნებული ვარ, ვანო მაქსიმუმს გააკეთებს თავისი პოტენციალი გამოყენებული იყოს ივანიშვილის რეჟიმის დასრულებისთვის“, – განაცხადა მელიქიშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი იყო ე.წ. მატროსოვის ციხესთან, სადაც ვანო მერაბიშვილს დახვდნენ.
„ძალიან ბევრი ვიყავით მატროსოვზე ჩვენი პარტიიდან, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ფაქტიურად თქვენს ტყეობაში იყო ვანო მერაბიშვილი, მანქანაში ჩასხდომამდეც, მასთან ახლოს მისვლა ძალიან ჭირდა, აქედან გამომდინარე, იქ ვიყავით ბევრი“, – განუცხადა ჟურნალისტებს მელიქიშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა. მერაბიშვილს თავისუფლების აღკვეთის ვადა დღეს ამოეწურა.