ზურაბ ლიპარტია - ყველაზე პერსპექტიული მეთოდი ფაროსანას წინააღმდეგ ბუნებრივი მტრების გამოყენებაა
აზიური ფაროსანასთვის კომფორტული და ასე ვთქვათ, საყვარელი ის კულტურებია, რომლებიც საქართველოშია გავრცელებული – ატამი, ვაშლატამა, თხილი, ვაზი, ციტრუსი და ა.შ, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, მთავარმა ფიტოსანიტარმა, ზურაბ ლიპარტიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„მავნებელი 300–მდე სახეობის მცენარეს აზიანებს“, – განაცხადა ლიპარტიამ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, არის თუ არა ეფექტიანი და უსაფრთხო პრეპარატი, რომელიც ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოში გამოიყენება, ზურაბ ლიპარტიამ აღნიშნა, რომ რისკი და სარგებელი სპეციალისტების მიერ ფასდება.
„პრეპარატები, რომლებიც საქართველოში იქნება გამოყენებული, აშშ–ის პელსილვანიის უნივერსიტეტის ენტომოლოგების მიერაა შერჩეული და მან აშშ–ში საკმაოდ მაღალი ეფექტი აჩვენა. ასევე გამოყენებული იქნება „ბაიერის“ პრეპარატი. ცალკე საკითხია პრეპარატების უსაფრთხო გამოყენება, რაც ყველა შემთხვევაში დაცული უნდა იქნას“, – განაცხადა ლიპარტიამ.
როგორც მთავარმა ფიტოსანიტარმა აღნიშნა, ქიმიური შეწამვლა დროებითი მოვლენაა, რადგან ეს არის წნეხი, რომელიც მავნებლის რიცხოვნობას დაბლა სწევს.
„ყველაზე უფრო პერსპექტიული ფაროსანას წინააღმდეგ ბუნებრივი მტრების გამოყენებაა. ასეთია სამურაის კრაზანა, რომელიც ზომით რამდენიმე მილიმეტრია და მავნებლის კვერცხის პარაზიტია. იგი მხოლოდ და მხოლოდ ფაროსანას კვერცხებს აზიანებს. ჩვენი მიზანია, მავნებლის რიცხოვნობა მინიმუმამდე დავწიოთ, რომელსაც თამამად შეიძლება, მისი ბუნებრივი მტრები მოერიოს“, – განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.