ზურაბ ლიპარტია - აზიური ფაროსანა ქვეყნისთვის გარკვეულ რისკს წარმოადგენს, რადგან დიდ მანძილზე გადაადგილება შეუძლია
აზიური ფაროსანა ქვეყნისთვის გარკვეულ რისკს წარმოადგენს იქიდან გამომდინარე, რომ მას დიდ მანძილზე გადაადგილება შეუძლია, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, მთავარმა ფიტოსანიტარმა, ზურაბ ლიპარტიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„მდგომარეობა, რა თქმა უნდა, საგანგაშოა, მაგრამ იმედისმომცემია ის გარემოება, რომ იმ ძალისხმევით, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს, სიტუაცია გაკონტროლდება“, – განაცხადა ლიპარტიამ.
მისი თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანა სავარაუდოდ ნაკლებად გავრცელდება, დასავლეთ საქართველოში კი, სადაც ფაქტიურად, არც ერთი კულტურა არ იწამლება და თხილის ნარგავების 80% მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთშია მოთავსებული, საქმე უფრო დიდ რისკთან გვაქვს.
„ამიტომ, ძირითადი ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში იქნება. თუმცა, აღმოსავლეთ საქართველოში სრულმასშტაბიანი მონიტორინგი ჩატარდება, რომელიც დაგვანახებს, რა სიმჭიდროვეა, გავრცელება რომელ კულტურებზეა მოსალოდნელი და მიღებულ იქნება შესაბამისი ზომები, რაც ქიმიური საშუალებებით ჩარევას გულისხმობს“, – განაცხადა ლიპარტიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ღონისძიებებს გულისხმობს სახელმწიფოსა და მოსახლეობის კოორდინირებული მუშაობა და როგორია სპეციალისტის რეკომენდაციები, ზურაბ ლიპარტიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„მწერი უპირატესად საცხოვრებელ სახლებში იზამთრებს და მისი ეს სუსტი წერტილი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. დათბობისთანავე, როცა ფაროსანა სამალავიდან გამოსვლას დაიწყებს, მისი მექანიკურად შეგროვება–განადგურება ძალიან ეფექტურია, იქნება ეს მტვერსასრუტით, ჩამოფერთხვით, თუ საპნიან წყალში მისი მოთავსებით. მოსახლეობა პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს შემოდგომაზე და გაზაფხულზე. თუ ასეულ ათასობით ადამიანმა ათეულობით ფაროსანა გაანადგურა, მისი რაოდენობა მკვეთრად შემცირდება“, – განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.