ზურაბ ჯაფარიძე - ეს აქცია მოკლული ახალგაზრდის მამის აქციაა და მოთხოვნები, ამ ეტაპზე, ზაზა სარალიძის უშუალო ინტერესს არ უნდა გასცდეს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობასთან დაკავშირებით აქციას საწყის ეტაპზე, კონკრეტული და დროში სწრაფად შესრულებადი მოთხოვნები უნდა ჰქონდეს, რომლებიც უშუალოდ ზაზა სარალიძის ინტერესიდან – დაისაჯოს მისი შვილი მკვლელები – უნდა ამოდიოდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არ გაითვალისწინებს აქციის მონაწილეთა კონკრეტულ და დროში სწრაფად შესრულებად მოთხოვნებს, მათ ექნებათ ლეგიტიმური უფლება, წამოაყენონ პოლიტიკური მოთხოვნები. დროში სწრაფად შესრულებადი მოთხოვნა კი, შეიძლება მაგალითად იყოს – საგამოძიებო კომისიის შექმნა, სადაც უმრავლესობას ოპოზიციური პარტიები შეადგენენ და კომისიის სხდომები იქნება ღია და გამჭვირვალე.
ჯაფარიძის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული აქციაც ისევე დასრულდება, როგორც 13 მაისის მოვლენები.
„აქციას უნდა ჰქონდეს კონკრეტული, გასაგები და დროში სწრაფად შესრულებადი მოთხოვნები. ეს აქცია არის მოკლული ახალგაზრდის მამის აქცია და მას აქვს ერთადერთი მიზანი – დაისაჯონ მისი შვილის მკვლელები და ისინი, ვინც მათ ხელს აფარებდა. ამიტომ, აქციის მოთხოვნა უნდა იყოს ისეთი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, რომელსაც უპირველეს ყოვლისა ექნება ამ ადამიანის და შემდეგ ფართო საზოგადოების ნდობა. ასეთი შეიძლება, იყოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელშიც უმრავლესობა და თავმჯდომარის პოზიცია ექნება საპარლამენტო ოპოზიციას. ოპოზიციაში არ იგულისხმება „პატრიოტთა ალიანსი“, რადგან არ არის სანდო“, – განაცხადა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ ასევე მეტი სანდოობისთვის, მნიშვნელოვანია, კომისიაში მონაწილეობდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სხდომები იყოს საჯარო.
მისი შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კომისიაში უნდა იყვნენ ზაზა სარალიძის ნდობით აღჭურვილი პირები.
„თუ ზაზა სარალიძე არ ენდობა კომისიის შემადგენლობას, ასეთ კომისიას აზრი არ აქვს. ეს პრინციპი უნდა იყოს მომავალში პროკურატურის რეფორმის ერთ-ერთი ამოსავალი პრინციპი – დაზარალებულს უნდა ჰქონდეს პროკურორად ნებისმიერი ადამიანის არჩევის უფლება“, – ამბობს ჯაფარიძე.
იგი მიიჩნევს, რომ თუ აქციის მოთხოვნები ამ ეტაპზე იქნება უფრო ზოგადი – სისტემის რეფორმა ან უფრო პოლიტიკური – მთავრობის გადაყენება და გასცდება ზაზა სარალიძის უშუალო ინტერესს, აქციაზე მივა ნაკლები ადამიანი და შეუძლებელი იქნება შედეგის მიღება. მისი თქმით, თუ აქცია დადებს ისეთ საგამოძიებო მექანიზმს საპარლამენტო კომისიის სახით, რომელსაც ექნება მოკლული ახალგაზრდის მამის ნდობა, „საგამოძიებო კომისია თავად დაშლის სისტემას“.
„ყველა, ვინც დღეს ცდილობს გაუაზრებელი მოთხოვნები დააყენოს, აზიანებს აქციას და უსინდისოდ მოქმედებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ცხადია, ეს არ ეხება ზაზა სარალიძეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ არანაირი შინაარსი არ აქვს ადამიანების გაკიცხვას იმის გამო, რომ ისინი ერიდებიან პოლიტიკოსებთან და პარტიებთან აფილირებას.