ზურაბ გურული - წარმოუდგენელი უზნეობაა სამწუხარო შემთხვევაზე ნიშნის მოგებით საუბარი, ასეთი იშვიათი გვერდითი ეფექტის თავიდან აცილება მასობრივი ვაქცინაციების დროს პრაქტიკულად შეუძლებელია
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული ახალციხეში მოხმდარ ფაქტს ერხმაურება. საუბარია აცრის შემდეგ გამოვლენილ სავარაუდო გვერდით რეაქციაზე.
ზურაბ გურულის თქმით, ანაფილაქსიური შოკი არის აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას.
„ანაფილაქსური შოკის სტანდარტული მკურნალობის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ადრენალინი. არსებობს ასევე იშვიათი შემთხვევები, როდესაც ანაფილაქსური რეაქცია არ ემორჩილება ადრენალინით მკურნალობას. მაშინ მართვითი სუნთქვა და სხვა მედიკამენტებია საჭირო, მათ შორის სტეროიდები. გართულებული და ადრენალინის მიმართ რეზისტენტული ანაფილაქსური რეაქცია რთული სამართავია, მაგრამ აბსოლუტურად უმეტეს შემთხვევაში დადებითად სრულდება და არ ახლავს ფატალური შედეგი“, – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ გურული.
მისივე განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ქართველ რეანიმატოლოგთა გამოცდილი გუნდი წარმატებით გაუმკლავდება ამ გამოწვევას.
„წარმოუდგენელი უზნეობაა (სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებისგან კი არაპროფესიონალიზმი ) ამ სამწუხარო შემთხვევის შესახებ ნიშნის მოგებით საუბარი, რადგან ასეთი იშვიათი გვერდითი ეფექტის თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია მასიური ვაქცინაციების დროს. სრული მხარდაჭერა და საუკეთესო სურვილები პაციენტსა და მის ოჯახს“, – წერს ზურაბ გურული.
ახალციხეში, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. შემთხვევა „იმედის კლინიკაში“ მოხდა. როგორც ექიმები საუბრობენ, 30 წლამდე ქალის მდგომარეობა რთულია.
1. ანაფილაქსური შოკი არის აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ…
Posted by Zurab Guruli on Thursday, March 18, 2021