ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად ოფიციალურად აირჩიეს
ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის პოსტი, ქართველმა დიდოსტატმა – ზურაბ აზმაიფარაშვილმა, კიდევ ოთხი წლით გაიხანგრძლივა.
ბათუმში, ფიდე–ს 89–ე ყრილობაზე გამართულ არჩევნებზე, კავშირის მოქმედი პრეზიდენტი – 58 წლის ზურაბ აზმაიფარაშვილი, ერთადერთი კანდიდატი იყო და პოსტის ოფიციალურად დასაკავებლად მინიმუმ ორი ხმა ყოფნიდა.
საბოლოოდ ზედიზედ მეორედ გაპრეზიდენტებულ – აზმაიფარაშვილს, დღევანდელ კენჭისყრაზე – 50 დელეგატიდან, მხარი 44 – მა დაუჭირა. ოთხი ბიულეტენი ცარიელი იყო, ორი კი ბათილად იქნა ცნობილი.
პირველად, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად, ზურაბ აზმაიფარაშვილი 2014 წელს – ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში აირჩიეს.
შეგახსენებთ, რომ ამავე კონგრესზე, დღეს მსოფლიოს საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე) პრეზიდენტიც აირჩიეს. აღნიშნული პოსტი – არკადი დვორკოვიჩმა დაიკავა.