არკადი დვორკოვიჩი ფიდეს ახალი პრეზიდენტია
არკადი დვორკოვიჩი ფიდეს ახალი პრეზიდენტია

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ფიდე–ს არკადი დვორკოვიჩი უხელმძღვანელებს. არჩევნები ბათუმში გამართულ ჭადრაკის საერთაშორიოს ფედერაციის 89–ე კონგრესზე შედგა.

კენჭისყრამ მშვიდ გარემოში ჩაიარა.  საბოლოოდ ახალი პრეზიდენტი რუსი კანდიდატი –არკადი დვორკოვიჩი გახდა, რომელმაც მთავარ კონკურენტს, ბერძენ – გეორგიოს მაკროპულოსს 25 ხმით აჯობა. ჯამში 185 დელეგატიდან გამარჯვებულ კანდიდატს ხმა 103–მა მისცა, გეორგიოს მაკროპულოსმა კი 78 ხმა მიიღო. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ ხმას, ბათილად იქნა ცნობილი.

შეგახსნებთ რომ კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, მესამე კანდიდატმა, ინგლისელმა დიდოსტატმა – ნაიჯელ შორტმა, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ასევე წინასწარ იყო გამოცხადებული, ვინ მიიღებდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხმას – ქართული საჭადრაკო ოჯახის მხარდაჭერაზე, დამარცხებული კანდიდატი – გეორგიოს მაკროპულოსი, პირველ არხთან თავად საუბრობდა.

საბოლოოდ მაკროპულოსმა, რომელიც არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა, დვორკოვიჩს გამარჯვება საჯაროდ მიულოცა.

ბათუმში, იმავე ასამბლეაზე, ამ წუთებში ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტს ირჩევენ. შეგახსენებთ, რომ ამ პოსტზე ერთადერთ კანდიდატად მოქმედი პრეზიდენტი, ქართველი დიდოსტატი – ზურაბ აზმაიფარაშვილია წარდგენილი. აზმაიფარაშვილს, რომელიც ამ თანამდებობას ამჟამადაც იკავებს მანდატის მომდევნო ოთხი წლით გასაგრძელებლად ორი ხმაც ეყოფა.