ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად ოფიციალურად აირჩიეს
ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად ოფიციალურად აირჩიეს

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის პოსტი, ქართველმა დიდოსტატმა – ზურაბ აზმაიფარაშვილმა, კიდევ ოთხი წლით გაიხანგრძლივა.

ბათუმში, ფიდე–ს 89–ე ყრილობაზე გამართულ არჩევნებზე, კავშირის მოქმედი პრეზიდენტი – 58 წლის ზურაბ აზმაიფარაშვილი, ერთადერთი კანდიდატი იყო და პოსტის ოფიციალურად დასაკავებლად მინიმუმ ორი ხმა ყოფნიდა.

საბოლოოდ ზედიზედ მეორედ გაპრეზიდენტებულ – აზმაიფარაშვილს, დღევანდელ კენჭისყრაზე – 50  დელეგატიდან, მხარი 44 – მა დაუჭირა. ოთხი ბიულეტენი ცარიელი იყო, ორი კი ბათილად იქნა ცნობილი.

პირველად, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად, ზურაბ აზმაიფარაშვილი 2014 წელს – ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში აირჩიეს.

შეგახსენებთ, რომ ამავე კონგრესზე, დღეს მსოფლიოს საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე) პრეზიდენტიც აირჩიეს. აღნიშნული პოსტი – არკადი დვორკოვიჩმა დაიკავა.