ზურაბ აზარაშვილი - სამართლიანი მომსახურების სტანდარტი, რასაც ჩვენ მოვითხოვთ, ქვეყანაში დატოვებს მაღალი ხარისხის კლინიკებს, ბიუჯეტიდან ანაზღაურებაც იმის მიხედვით იქნება, რასაც დააკმაყოფილებენ
ზურაბ აზარაშვილი - სამართლიანი მომსახურების სტანდარტი, რასაც ჩვენ მოვითხოვთ, ქვეყანაში დატოვებს მაღალი ხარისხის კლინიკებს, ბიუჯეტიდან ანაზღაურებაც იმის მიხედვით იქნება, რასაც დააკმაყოფილებენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა იმ ახალ სტანდარტებზე, რისი დანერგვაც იგეგმება სამედიცინო სექტორში. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შეხვედრები.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, კლინიკებს ოპერირება მხოლოდ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეეძლებათ და მათ აკრედიტაციისთვის გონივრული ვადა მიეცემათ.

„ჩვენი ჯანდაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, რომელსაც 2030 წლისთვის უნდა მივაღწიოთ სხვადასხვა ეტაპით, ერთ-ერთი ეტაპია სამედიცინო კლინიკებში სტანდარტის დანერგვა, რომელიც არის საერთაშორისო აკრედიტაციის ტიპის. მსოფლიოში არის რამდენიმე სტანდარტი. მოლაპარაკებები და შეხვედრები დავიწყეთ აქტიურად. ვფიქრობ, ამ სტანდარტებიდან 2-3 სტანდარტის არჩევანის საშუალებას მივცემთ კლინიკებს, რომლებსაც 2025 წლიდან ეტაპობრივად ექნებათ ვალდებულება, დააკმაყოფილონ და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლებათ ოპერირება. ეს სტანდარტი მოიცავს კლინიკის სამედიცინო დაწესებულების სტანდარტს სამედიცინო მომსახურების ხარისხის კუთხით, ასევე სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის, სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით. ამის წარმატებით გავლის შემთხვევაში, შესაბამისი აკრედიტაცია მიენიჭებათ. ზოგიერთ კლინიკას უკვე თავისი ინიციატივით ეს აკრედიტაცია გავლილი აქვს. ვფიქრობ, ჩვენ ვაძლევთ გონივრულ ვადას, ორ წელზე მეტია ვადა, რათა, ეს სტანდარტი დააკმაყოფილონ, ან როცა დააკმაყოფილებენ, ეტაპობრივად ექნებათ ოპერირების გაგრძელების საშუალება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

კითხვაზე: საავადმყოფოების წარმომადგენლები გარკვეულ საფრთხეებზე საუბრობენ, რომ შესაძლოა, ახალი სისტემის დანერგვასთან ერთად, კლინიკებს მოუწიოთ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემიდან გამოთიშვა, რადგან ამ ახალი პირობების დაკმაყოფილებას ვერ შეძლებენ, ვერ იმუშავებენ. როგორია თქვენი პასუხი, უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ფინანსური პრობლემების გამო სამედიცინო დაწესებულებების დახურვა მოხდება, რაზეც აზარაშვილმა აღნიშნა, რომ უწყების სურვილია, ხალხს ჰქონდეს მომსახურების ხარისხი და სამედიცინო სექტორის ნდობა.

მისივე თქმით, თანხების და ანაზღაურების საფუძველზე, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხდის, კლინიკებში შესაბამისი სერვისი და ხარისხი უნდა იყოს.

„რასაკვირველია, ჩვენ გვინდა, რომ მომსახურების ხარისხი და სამედიცინო სექტორის ნდობა იყოს ხალხში, იყოს რეპუტაბელური ის სერვისები, მაღალი ავტორიტეტის მქონე ექიმების, ექთნების და სხვა სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარებული, რა სერვისებსაც ჩვენი მოსახლეობა იღებს და რასაც სახელმწიფო აფინანსებს. რასაკვირველია, ჩვენ არ გვინდა ისეთი კლინიკა, სადაც არ იქნება ელემენტარულად ინფექციის კონტროლი, არ ექნებათ შესაბამისი გაიდლაინები, არ იქნება შესაბამისად მოწყობილი. მაგალითად, პატარა სივრცეში ძალიან ბევრი საწოლი იქნება განთავსებული, არ იქნება შესაბამისი აღჭურვილობა და ასე შემდეგ. ჩვენ გვინდა, რომ იმ თანხების და ანაზღაურების საფუძველზე, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხდის, იყოს შესაბამისი სერვისი და ხარისხი. აქედან გამომდინარე, ნამდვილად ვერ ვიტყვით ხარისხზე იმას, რომ შეიძლება, კიდევ გადავავადოთ, რადგან ეს პირდაპირაა დაკავშირებული იმ რისკთან, რაც არის ადამიანის სიცოცხლე“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

რაც შეეხება კლინიკების ტარიფს, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სექტემბრიდან უკვე ეტაპობრივად ამოქმედდება ახალი სისტემა, რომლის საშუალებითაც ობიექტურად იქნება გამოთვლილი ტარიფები და ამ ტარიფების მიხედვით მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება.

„რაც შეეხება ტარიფს, რადგან საჯაროა ინფორმაცია, მინდა, დავაზუსტო კონკრეტული მონაცემები და ციფრები, რაც არის ამ სექტორთან დაკავშირებული. ატვირთულია ვებპორტალზე, ასევე ჩვენს გვერდზე, თუ რა თანხით აფინანსებს ყოველწლიურად სახელმწიფო სამედიცინო სექტორს, აქედან რამდენია მათი საოპერაციო მოგება. შეგვიძლია, ვნახოთ მაგალითად, 2020 წლის, 2021 წლის მონაცემები, სადაც ჩანს, რომ მილიარდზე გაცილებით მეტია მათი შემოსავალი მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებიდან. არ ვგულისხმობ იმას, რაც ცალკე აქვთ კომერციული შემოსავალი, არასახელმწიფო დაფინანსებით. სექტორის საოპერაციო მოგება რომ ვნახოთ, მაგალითისთვის, 400 მილიონ ლარამდე იყო 2020 წელს და 600 მილიონ ლარზე მეტია 2021 წელს. ეს ტარიფები, სერვისები რომ ზარალიანია და აქედან გამომდინარე, ზოგიერთ კლინიკას მოუწევს დახურვა, შემოსავლიანობიდან გამომდინარე და ასე შემდეგ, ვფიქრობ, ცოტა ნაჩქარევია და ამიტომ მინდა, დაველოდოთ ამდენი ხნის განმავლობაში რასაც ვაკეთებდით და საკმაოდ აქტიურად ვმუშაობდით ერთობლივად. ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაცხადებული ვადები, როდიდან დავნერგავთ იმ სისტემას, რომელიც საპილოტედ არის გაშვებული. სექტემბრიდან უკვე ამ სისტემას ჩავუშვებთ და ობიექტურად იქნება გამოთვლილი ტარიფები და ამ ტარიფების მიხედვით ყოველგვარი ადამიანური ჩარევის გარეშე მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება. ეს იქნება ტარიფები, რომლებიც კონკრეტულ სამედიცინო მომსახურებაზე იქნება ობიექტურად გამოთვლილი იმ სტანდარტების მიხედვით, რომლითაც ითვლება წამყვანი თუ ნაკლებად წამყვანი ქვეყნების სამედიცინო სერვისები. ვფიქრობ, იქნება სამართლიანობა ტარიფებში და არავის ექნება იმის სპეკულირების უფლება – თურმე რაღაც ტარიფი ზარალიანია და კლინიკები შეიძლება, დაიხუროს. ქვეყანაში გვაქვს გაცილებით მეტი კლინიკა და საწოლფონდი, ვიდრე ქვეყნისთვის დღეს საჭიროა. ეს ნებისმიერი კვლევებით დასტურდება. აქედან გამომდინარე, ტარიფი, რაც იქნება სამართლიანი და მომსახურების სტანდარტი, რასაც ჩვენ მოვთხოვთ, ქვეყანაში დატოვებს მაღალი ხარისხის კლინიკებს. ბიუჯეტიდან ანაზღაურებაც იქნება იმის მიხედვით, რასაც მოვთხოვთ, რასაც დააკმაყოფილებენ. ეს ტარიფიც იქნება სამართლიანი“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში უპასუხა კიდევ ერთ კითხვას, ამ სიახლის შემდეგ ხომ არ გაეზრდებათ მოქალაქეებს ხარჯი, რაც მათი დასაფარია. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ტარიფებს, რაც სამედიცინო სერვისისთვის შეთანხმდება კლინიკებთან, სახელმწიფო მოქალაქისთვის ანაზღაურებს.

„ჩვენ დახლოებით 8-9 წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ საბედნიეროდ, სახელმწიფო ბიუჯეტს აქვს შესაძლებლობა, სრულად დააფინანსოს მოქალაქეებისთვის გაწეული სამედიცინო სერვისი. აქედან გამომდინარე, ის ტარიფები, რაც სამედიცინო სერვისისთვის შეთანხმდება კლინიკებთან, არის ტარიფი, რასაც სახელმწიფო თავისი მოქალაქისთვის ანაზღაურებს. ტარიფის გადახდის შემთხვევაში, კერძო თუ სახელმწიფო კლინიკა ვალდებულია, პაციენტს იმ ტარიფით მოემსახუროს. სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა სერვისს ამატებენ და მოქალაქეებისგან იღებენ დამატებით ჰონორარებს, ანაზღაურებას. ეს მიუღებელია. საჩივრებს, რომლებიც საკმაოდ ბევრია ჩვენთან შემოსული, დაჩქარებულად გავივლით და ყველაფერი დაუბრუნდება მოქალაქეს. საყოველთაო ჯანდაცვაში რომელი კლინიკაცაა ჩართული, მივაღწევთ იმას, რომ აუცილებლად ამის ფარგლებში ანაზღაურდეს და მოქალაქე არაფერს ამატებდეს“, – განაცხადა აზარაშვილმა.