საქართველოში კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელი, ე.წ. დიარჯი სისტემა პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება    
საქართველოში კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელი, ე.წ. დიარჯი სისტემა პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება   

საქართველოში კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელი, ე.წ. დიარჯი სისტემა პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება.

აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა სამედიცინო სექტორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დიარჯი“ სისტემა,  დაფინანსების ახალი მოდელი პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება. დღემდე დაფინანსება ხდებოდა ჩარევის მიხედვით, ანუ კონკრეტულ პაციენტს იმის მიხედვით უნაზღაურდება ხარჯი, თუ რა ჩარევა დასჭირდა მას. „დიარჯის“ პრინციპი კი გულისხმობს, რომ პაციენტი ფინანსდება დიაგნოზის მიხედვით. შესაბამისად, კონკრეტულ დიაგნოზზე არის განსაზღვრული კონკრეტული ტარიფი და არ აქვს მნიშვნელობა, რა ჩარევა სჭირდება, ოპერაცია, რეანიმაცია თუ სხვა. ყველა ეს ჩარევა უნდა გაკეთდეს და სახელმწიფო იხდის დიაგნოზის მიხედვით. იცვლება მხოლოდ გადახდის პრინციპი, რომელიც არის ურთიერთობა კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის. პაციენტისთვის არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ადგენს ახალი თამაში პირობებს კლინიკებისთვის. თუ დღემდე კლინიკას შეეძლო, საყოველთაოს პრინციპით თანაგადახდის გარდა, პაციენტისთვის დამატებით უკეთესი სერვისის თუ ექიმის ჰონორარის დაფინანსება მოეთხოვა, მას შემდეგ, რაც „დიარჯი“ გაეშვება, ამის მოთხოვნის უფლება კლინიკას არ ექნება. ნებისმიერ დიაგნოზზე არის განსაზღვრული ტარიფი, ამ ტარიფის თანაგადახდის მოცულობაა – 10, 20 თუ 30 პროცენტი. პაციენტს ეცოდინება განფასება, შესაბამისი პროცენტი და ამ თანხის ზევით არაფერს გადაიხდის“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, მოქალაქებისთვის დამატებითი ხარჯების თავიდან არიდების გარდა, ახალი დაფინანსების მოდელის ამოქმედება მნიშვნელოვანია სამედიცინო სექტრორისთვისაც.

ამასთან, ღუდუშაურის განცხადებით, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ტარიფების გადახვედას კლინიკები რამდენიმე თვეა, აქტიურად ითხოვენ.

„მარტიდან მოყოლებული, რაც კოვიდის შემდეგ შემცირდა მიმართვიანობა კლინიკებში და მოუწიათ დაბრუნება ძველ ტარიფებზე, სამედიცინო სექტორს გაუჭირდა და ითხოვდა ტარიფების მომატებას. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ მუშაობა „დიარჯის“ პრინციპზე. ამ პრინციპის დათვლისას ორი კომპონენტია ყველაზე მნიშნელოვანი – საბაზისო ტარიფი, რომელიც საშუალო ჩარევის ღირებულებაა და რომლის დასათვლელად ჩვენ 2019 წლის მონაცემები ავიღეთ და დავუმატეთ ამ პერიოდის ინფლაცია, რათა სამართლიანი ყოფილიყო. რაც შეეხება კონკრეტული დიაგნოზის კოეფიციენტებს, ჩვენ გამოვიყენეთ საერთაშორისო პრაქტიკა, ლატვიური მაგალითი, რათა კონკრეტული ჩარევის დიაგნოზთან დაკავშირებული ტარიფი გამოგვეყვანა. ვფიქრობთ, სამართლიანია და ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც კლინიკები ასახელებდნენ, რომ სხვადასხვა კლინიკას სხვადასხვა ტარიფი ჰქონდა. ეს საკითხი არის მოგვარებული. ტარიფები არის სამართლიანი და არის ის ტარიფები, რომლის ფარგლებშიც კლინიკებს შეუძლიათ, ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ საქართველოს მოსახლეობას. შესაბამისად, იმ კლინიკებთან დაკავშირებით, რომლებიც დამატებით მოთხოვნებს წაუყენებენ პაციენტებს, სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად მკაცრი და მაქსიმალურ მონიტორინგს განახორციელებს, რათა დამატებითი თანაგადახდა პაციენტებს აღარ მოუწიოთ“,  – განაცხადა ღუდუშაურმა.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე, „დიარჯი“ სისტემა არ გავრცელდება შემდეგ სამედიცინო მომსახურებაზე: 1. გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია 2. ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლა/მკურნალობა; 3. გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა; 4. მშობიარობა / საკეისრო კვეთა; 5. ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია, მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები; 6. კომბუსტიოლოგია; 7. თრომბოლიზისი და თრომბექტომია ინსულტის შემთხვევაში. უწყებაში აცხადებენ, რომ დასახელებული სამედიცინო მომსახურებები დაფინანსდება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.