ზურაბ აზარაშვილი - იმუნური ფენა საკმაოდ კარგი გვაქვს აცრილებსა და გადატანილებში, აქედან გამომდინარეა, რომ პანდემია აღარ არის ისე, როგორც თვეების წინ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასთან ერთად, უწყებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამა წარმატებით განხორციელებულიყო.
მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეებისთვის სტიმულის მისაცემად ყველა მექანიზმი გამოიყენეს, მათ შორის აცრის წამახალისებელი პროგრამა.
როგორც ზურაბ აზარაშვილი ამბობს, შედეგად, საქართველოში ორჯერადად აცრის მაჩვენებელი 45 პროცენტზე ავიდა და იმუნური ფენაც საკმაოდ კარგია, თუმცა სამიზნე მაჩვენებელი წლის ბოლომდე 70-პრცონეტიანი მოცვაა.
„ხელისუფლებას ნამდვილად არაფერი დაუკლია. სხვა ქვეყნების პრაქტიკაც რომ ვნახოთ, ვინ როგორ მოტივაციას უქმნიდა თავის მოსახლეობას, ყველა ეს შესაძლებლობა გამოყენებულია. ორი თვის განმავლობაში რეგიონებში ჩვენი 30-ზე მეტი მობილური ჯგუფი დადიოდა და სახლებშიც სთავაზობდა აცრას. ამას გარდა, ფინანსური დაინტერესება, სხვადასხვა კამპანია, რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გამოვიყენეთ. ორჯერადად აცრის მაჩვენებელი 45%-ზე ავიდა. სხვა ქვეყნებში 70-80 პროცენტია. საბოლოო ჯამში, იმუნური ფენა საკმაოდ კარგი გვაქვს როგორც აცრილებში, ასევე გადატანილებში. აქედან გამომდინარეა, რომ პანდემია აღარ არის ისე, როგორც თვეების წინ. სამიზნე მაჩვენებელი გვაქვს 70%-იანი დაფარვა წლის ბოლომდე“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ვაქცინაციაზე საუბრისას, ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობაა და ამ მხრივ დეფიციტი არ არსებობს. აზარაშვილმა მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა.
„ვაქცინები, რომლებიც ჩამოვიდა, საკმარისია. ამის გარდა, გვავიწყდება, რომ მხოლოდ „ფაიზერი“ არაა. გვაქვს საკმაოდ ბევრი „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინები. ნებისმიერი ვაქცინა იცავს გართულებებისგან, რაც კოვიდს შეიძლება, ახლდეს. მხოლოდ „ფაიზერზე“ ნუ ვორიენტირდებით. წინა დღეებში იყო კომენტარები, რომ „ფაიზერი“ შემოდის და ამიტომ აცრა შემცირდა. ერთნაირად მნიშვნელოვანია აცრა, მიუხედავად იმისა, რომელი ვაქცინით აიცრება ადამიანი. ვაქცინაცია აუცილებელია და ეს უნდა გაგრძელდეს. კიდევ გვაქვს შეკვეთილი ვაქცინები და წლის ბოლო კვარტალში დაემატება. ამიტომ წყვეტა არ იქნება. ტექნიკური ხარვეზების გამო, წყვეტა იყო 2-3 დღე, თორემ უფრო ადრეც ველოდებოდით. დღეიდან განაწილდება ყველა ქსელში და ყველას შეეძლება „ფაიზერით“ აცრა“, – განაცხადა მინისტრმა.