ზურაბ აზარაშვილი - „დიარჯი“ სისტემა ჩამოაყალიბებს სამართლიან ტარიფს კლინიკებისთვის, დაფინანსებული სერვისები უნდა იყოს მაღალი ხარისხის, რათა დავრწმუნდეთ, რომ მოქალაქეებს შესაბამის გარემოში მკურნალობენ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა „დიარჯი“ (DRG) სისტემაზე, რომლის მეთოდითაც დააფინანსებს სახელმწიფო კლინიკებს.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2030 წლის სამოქმედო გეგმაში გაწერილია, თუ რომელ წელს რა ეტაპზე უნდა იყოს ჯანდაცვის დაფინანსება.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა იმ სიკეთეებზე, რაც „დიარჯი“ სისტემის სრულყოფილად დანერგვის შემთხვევაში იქნება.
როგორც აზარაშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო სერვისები რაც შეიძლება მაღალი სტანდარტის და მაღალი ხარისხის იყოს, რათა მოქალაქეებმა იმკურნალონ შესაბამის გარემოში შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმების დახმარებით.
„რაც შეეხება „დიარჯის“ სისტემას და კლინიკების ტარიფებს, ჩვენ, 2030 წლამდე სამოქმედო გეგმაში მკაფიოდ გვაქვს გაწერილი, რომელ წელს რა ეტაპზე უნდა ვიყოთ ჯანდაცვის დაფინანსების კუთხით. 2030 წლის ბოლომდე უნდა ავიდეთ 90-95-პროცენტიან დაფარვაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სამედიცინო მიმართულებით დახმარება თუ დასჭირდება, სახელმწიფო მზად იქნება მათ დასახმარებლად. დღეს ეს ნიშნული არის 70 პროცენტის ფარგლებში. გვაქვს მზაობა, რომ დავაფინანსოთ სამედიცინო სერვისები და სამედიცინო სერვისები იყოს რაც შეიძლება მაღალი სტანდარტის, მაღალი ხარისხის იმისთვის, რომ დარწმუნებული ვიყოთ, ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობენ შესაბამის გარემოში შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმები და არის შესაბამისი მედიკამენტები გამოყენებული“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, სექტემბერ-ოქტომბერში „დიარჯის“ სისტემა უკვე ყველა კლინიკაზე გავრცელდება.
„მოგეხსენებათ, აპრილიდან გაშვებულია, დაწყებული გვაქვს საპილოტე რეჟიმში, სექტემბერ-ოქტომბერში კი ვგეგმავთ, რომ კლინიკებზე გავავრცელოთ, ხოლო წლის ბოლოდან უკვე ყველა კლინიკაზე გავრცელდება. ჩვენი აზრით, ეს ჩამოაყალიბებს იმ სამართლიან, ადეკვატურ ტარიფს, რომელსაც სახელმწიფო გადაუხდის ამა თუ იმ სამედიცინო სერვისს. გული მწყდება, რომ მუდმივად აპელირება მხოლოდ ფინანსურ ნაწილზე. ჩვენ მხოლოდ ფინანსურს არ ვჯერდებით და აუცილებელი, მნიშვნელოვანია, ხარისხი იყოს ადეკვატური და ამავე დროს ფინანსური ნაწილიც იყოს მოწესრიგებული. სტანდარტები, რა სტანდარტებსაც ჩვენ მოვთხოვთ ეტაპობრივად კლინიკებს, ეს სტანდარტები იყოს დაკმაყოფილებული“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
ხარისხიან მომსახურებაზე სუაბრისას ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს კლინიკებში ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, რათა მოქალაქეებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.
მისივე ინფორმაციით, შემოწმება მხოლოდ ერთჯერადი არ არის.
„კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ აქტიურად მიმდინარეობს ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, რათა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, როცა ესა თუ ის ოპერაცია უტარდებათ. ამას უკვე მიეცა სისტემური ხასიათი. შემოწმება არ არის ერთჯერადი, რომ შევედით მოვალეობის მოხდის მიზნით, ვნახეთ არსებობს ინფექცია, არ არის და წამოვედით. უკვე არის კლინიკები, სადაც ორჯერ და ზოგ შემთხვევაში, სამჯერაც მივიდნენ, რადგან ჩვენ ვიდრე სისტემურად არ მოვაწესრიგებთ, ამას თავს არ დავანებებთ. კლინიკები, რომლებიც, სამწუხაროდ, ვერ შეძლებენ, რომ უზრუნველყონ ადეკვატური მკურნალობა და ხარისხი, მოგვიწევს მათი საყოველთაოდან ჩახსნა და შემდეგ კიდევ უფრო მძიმე სანქციების გატარება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.