ზურაბ აზარაშვილი - სამი ოქტომბრიდან ვუშვებდით ე.წ. დიარჯი სისტემას, კლინიკის ასოციაციის წერილის საფუძველზე შევაჩერეთ პროცესი, თუმცა ამას დიდი ხნით არ დავთანხმდებით
ზურაბ აზარაშვილი - სამი ოქტომბრიდან ვუშვებდით ე.წ. დიარჯი სისტემას, კლინიკის ასოციაციის წერილის საფუძველზე შევაჩერეთ პროცესი, თუმცა ამას დიდი ხნით არ დავთანხმდებით

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ე.წ. დიარჯი (DRG) სისტემა, რომლის მეთოდითაც დააფინანსებს სახელმწიფო კლინიკებს, საქართველოში სამი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა კლინიკის ასოციაციამ გადავადება ითხოვა.

აზარაშვილის თქმით, მათი მხრიდან გადავადების მოტივაცია თავიანთი შიდასისტემების გადაწყობას უკავშირდება.

როგორც აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, სისტემების გადაწყობის საჭიროება თუ არის, ამის გაკეთება სისტემის ამოქმედების პარალელურადაც შეიძლება.

„დიარჯი“ არის დიაგნოსტთან შეჭიდული ჯგუფებით სამედიცინო სერვისებზე გადახდის სისტემა, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაშია და სწორედ იმ ქვეყნების გამოცდილებით ვნერგავთ საქართველოში. ეს არის სამართლიანი გადახდის სისტემა, რომელიც კონკრეტულ სერვისებზე აგენერირებს „დიარჯი“ კოდებს და ამ „დიარჯი“ კოდებით ხდება ანაზღაურება, რასაც სახელმწიფო ანაზღაურებს ჩვენი მოქალაქისთვის. ჯერ კიდევ თვეების წინ, როდესაც ამ პროექტზე ვმუშაობდით, ვაანონსებდით, რომ უკვე სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში მზად ვიქნებოდით. ზუსტად მახსოვს, მაშინ კლინიკის ასოციაციის მომართვა იყო. გვთხოვდნენ, შევხვედროდი და სასწრაფოდ დაგვენერგა ეს სისტემა. დღეს, როცა მიმდინარე თვეში, სამი ოქტომბრიდან ვუშვებდით ამ სისტემას, ზუსტად იგივე ასოციაციიდან მოგვივიდა წერილი, რომელიც გვეუბნება, რომ იქნებ გადავავადოთ ამ სისტემის გაშვება.

ჩვენ ყველანაირად მზად ვართ და შეგვეძლო, დაპირებულ ვადებში გაგვეშვა სისტემა. ახლა ისევ დავუბრუნდით განხილვის ეტაპს და ჩვენს გუნდში ვიხილავთ, რამდენად საჭიროა ან რამდენი ხნით შეიძლება, გადავწიოთ ამოქმედება. მათი მხრიდან გადავადების მოტივაცია ისაა, რომ თავიანთი შიდასისტემები აქვთ გადასაწყობი. იანვარში როცა მოვედით, მალევე დავიწყეთ საუბარი და შეიძლებოდა, მათაც მაშინვე დაეწყოთ ამაზე ფიქრი. ამ სისტემების გადაწყობის საჭიროება თუ არის, პარალელურადაც შეიძლებოდა, გაკეთებულიყო, „დიარჯი“ გაგვეშვა და ეს პროექტი არ შეგვეფერხებინა. რამდენიმე თვე ისედაც საპილოტე რეჟიმში იქნებოდა და თუ რამე ხარვეზები იქნებოდა, პარალელურად გამოვასწორებდით. ამ წერილის საფუძველზე, რომელიც შემოვიდა სამინისტროში, ჩვენ შევაჩერეთ პროცესი და ახლა ვიხილავთ, რა პერიოდით შეგვიძლია, გადავადება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, „დიარჯი“ სისტემის ამოქმედებას დიდი ხნით ვერ გადაავადებენ.

„ძალიან დიდი ვადით გამორიცხულია, ამას არ დავთანხმდებით. ახალი სისტემით ყველა კლინიკას ისეთ სატარიფო სისტემას, ისეთ საბაზისო ტარიფს განვუსაზღვრავდით, რომ პაციენტს, სამწუხაროდ, დღეს თუ უწევს დამატება სხვადასხვა სამედიცინო სერვისზე და წესით, არ უნდა უწევდეს, არანაირი დამატების საჭიროება არ უნდა ჰქონოდა. რაც უფრო გადავწევთ გაშვების თარიღს, ისევ პაციენტებს ეხებათ ეს და მათ კმაყოფილებაზე ექნება გავლენა. ამიტომ ვჩქარობ“, – განაცხადა აზარაშვილმა.