ციხისჯვრისა და ტაბაწყურის მიმართულებით 1 200-მდე მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბაკურიანის განვითარების მიზნით, კურორტზე ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს.
როგორც მინისტრმა ზურაბ ალავიძემ 1tv.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ბაკურიანის შესასვლელთან შემოვლითი გზა გაკეთდება, ციხისჯვრისა და ტაბაწყურის მიმართულებით მოეწყობა დიდი პარკინგი, რომელიც 1 200-მდე მანქანაზე იქნება გათვლილი.
მინისტრის თქმით, ასევე მალე დიდველთან პარკინგის მშენებლობას დაიწყებს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
„წელს რეკორდული რაოდენობის დამსვენებელი სტუმრობს ბაკურიანს. განსაკუთრებით აქტიური პერიოდი იყო ახალი წლის დღეებში. უკვე მომავალი ზამთრის სეზონისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება – ბაკურიანის შესასვლელთან გავაკეთებთ შემოვლით გზას, ციხისჯვრისა და ტაბაწყურის მიმართულებით მოეწყობა დიდი პარკინგი, რომელიც დაახლოებით 1200 მანქანაზე იქნება გათვლილი. მალე მუნიციპალური განვითარების ფონდი დაიწყებს დიდველთან პარკინგის მშენებლობას. შეუძლებელია ბაკურიანში ამდენი მანქანა მოძრაობდეს, რადგან ფეხით მოსიარულეებს ექმნებათ პრობლემები და ამას რომ თავი დავანებოთ, ელემენტარულად კურორტი კარგავს ხიბლს – ბავშვები ვეღარ სეირნობენ ციგებით, ვერ გადაადგილდებიან მარხილები, ამდენი გამონაბოლქვით ბინძურდება ეკოლოგია. ამიტომ მოეწყობა პარკინგის ტერიტორია, სადაც დამსვენებლები შეძლებენ ავტომანქანის დატოვებას, ხოლო ბაკურიანში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილდებიან. ეს გეგმები აუცილებლად განხორციელდება და თან ძალიან სწრაფად, სხვაგვარად ბაკურიანის განვითარება წარმოუდგენელია“, – აღნიშნა ზურაბ ალავიძემ 1tv.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.