ზურაბ აბაშიძე - კარასინთან შეხვედრისას მოვისმინე, რომ რუსული ენის შემსწავლელი კურსების გახსნას თბილისში სავიზო ცენტრი აპირებს
გრიგორი კარასინთან შეხვედრის დროს მოვისმინე, რომ რუსული ენის შემსწავლელი კურსების გახსნას თბილისში არსებული სავიზო ცენტრი აპირებს, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც ზურაბ აბაშიძე აცხადებს, გრიგორი კარასინთან საკითხის შესახებ დეტალებზე საუბარი არ ჰქონია.
„შეხვედრის დროს, მე მოვისმინე მოკლე კომენტარი, რომ თბილისში არსებული სავიზო ცენტრი, რომელიც წარმოადგენს კომერციულ სტრუქტურას და გასცემს ვიზებს რუსეთში გასამგზავრებლად, აპირებს გახსნას რუსული ენის შემსწავლელი კურსები, ასევე კომერციულ საწყისებზე.
ჩემი საპასუხო კომენტარი იყო, რომ მე ამის შესახებ არ მქონდა ინფორმაცია, დავბრუნდები თბილისში და დავინტერესდები, თუ რაზეა საუბარი. ნამდვილად არ ვიცი, რას წარმოადგენს რუსული ენის კურსები. მოვიკითხავ ამას, მივიღებ სრულ ინფორმაციას და ამის შემდეგ მოგახსენებთ კვალიფიციურ პასუხს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება.