ზურა მხეიძე - ჩვენს შვილებს ისე ვამზადებთ, რომ ვიღაცამ დაიქირავოს, ვიღაცასთან მოეწყოს სამსახურში, რატომ არ ვაძლევთ იმის განვითარების შესაძლებლობას, რომ თვითონ შექმნას რაღაც?
ჩვენს შვილებს ისე ვამზადებთ, რომ ვიღაცამ დაიქირავოს და წაიყვანოს, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, პროფესორმა ზურა მხეიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
„ანუ, თავიდანვე ჩარჩოს ვუდგენთ, რომ ვიღაცასთან მოეწყოს სამსახურში და რატომ არ ვაძლევთ იმის განვითარების შესაძლებლობას, რომ თვითონ შექმნას რაღაც? აქაც ტრადიცია გვაქვს, რომ ვიღაც იმან აიყვანოს და ამუშაოს“, – განაცხადა მხეიძემ.
მისი თქმით, თუ გვინდა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, მნიშვნელოვანია კრეატიულობის და შემოქმედებითობის წახალისება.
„ის სამუშაო, რომელსაც ახლა ასრულებენ, კლასიკურად ჩვენ რაც ვიცით, ხელოვნური ინტელექტი თავიდან ბოლომდე ჩაანაცვლებს. ამიტომ ფასი ედება და, შესაბამისად, სწავლების მოდელშიც, გნებავთ სკოლაში და გნებავთ უმაღლესში, უნდა იყოს წახალისებული შემოქმედებითობა, ანუ, მეცნიერების კუთხით. ასე რომ, თუ ჩვენ გვინდა პროგრესი, მთლიანი მოდელით, სკოლიდან დაწყებული უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად შემოქმედებითობა გაიზარდოს“, – განაცხადა მხეიძემ.
როგორც ზურა მხეიძემ ასევე განაცხადა, ხშირად ისმის საუბრები იმის შესახებ, რომ გვაქვს განათლების პრობლემა, მაგრამ განათლება ფართო ცნებაა და კრიტიკულად მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნების სწავლება.
„მე ვფიქრობ, კრიტიკული აზროვნება უნდა ვასწავლოთ. მიზეზ-შედეგობრივი კავშირები არ იციან, რაც კამათში ჩანს ხოლმე და ან მათემატიკა გავაძლიეროთ ძალიან, ან ლოგიკა ვასწავლოთ პირდაპირ“, – განაცხადა ზურა მხეიძემ.