ზურა ჯაფარიძე - ეს არჩევნები ჩატარდა ბევრად უარესად, ვიდრე გასული წლის არჩევნები
ზურა ჯაფარიძე - ეს არჩევნები ჩატარდა ბევრად უარესად, ვიდრე გასული წლის არჩევნები

სამი ოპოზიციური პარტია – „ლელო“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობენ და ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვენ.

მათი განმარტებით, საარჩევნო ოქმებში დისბალანსი და ბიულეტენების ნაკლებობა საკმაოდ ბევრ უბანზე ფიქსირდება.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურა ჯაფარიძის განმარტებით, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკო-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებს ემყარება.

„ეს არჩევნები გაყალბდა. ეს არჩევნები ჩატარდა ბევრად უარესად, ვიდრე გასული წლის არჩევნები. დისბალანსი არის ოქმების 27,5 პროცენტში. ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით. დაახლოებით, უბნების ერთ მესამედში ბალანსი ვერ შედგა ოქმებში. ბიულეტენების ნაკლებობა არის 944 უბანზე, ანუ 25 პროცენტზე. ბიულეტენების ნაკლებობა არის ირიბი ინდიკატორი იმისა, რომ ე.წ. კარუსელების დატრიალება ხდებოდა. ბიულეტენების მეტობა არის 85 უბანზე. მეტობა ნიშნავს, რომ ვიღაცამ ბიულეტენები ჩატენა. ეს გაყალბების ეჭვს აჩენს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.