ზუგდიდში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ხანძარს 82 წლის ქალი ემსხვერპლა.
ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩნდა. როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. დამწვარია ერთი ოთახი და საოჯახო ნივთები.
მეზობლების ინფორმაციით, მათ კვამლი შეამჩნიეს, რის შემდეგაც ბინაში შევიდნენ, თუმცა 82 წლის ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მათივე ცნობით, ქალი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა და მომვლელიც ჰყავდა, რომელიც ხანძრის დროს უკვე წასული იყო.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ბინაში ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით.