ზუგდიდის სოფელ ნარაზენში ხარების სახელობის ტაძრის მშენებლობა დასრულდა
ზუგდიდის სოფელ ნარაზენში ხარების სახელობის ტაძრის მშენებლობა დასრულდა

ზუგდიდის სოფელ ნარაზენში ხარების სახელობის ტაძრის მშენებლობა დასრულდა. ტაძართან ერთად აშენდა სამრევლო სკოლა და კომპლექსი, – ინფორმაციას ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ნარაზენის სამონასტრო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები „ქართუ ჯგუფმა“ დააფინანსა.

ტაძრის კურთხევის ცერემონიალი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ჩაატარა. ტაძრის კურთხევას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

„დღეს იკურთხა ნარაზენის სამონასტრო კომპლექსი. მისი მშენებლობა განხორციელდა „ქართუ ფონდის“ მიერ. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუ ჯგუფს“, რომელიც ჩვენს რეგიონში ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ამჟამად, „ქართუ“ აშენებს ზუგდიდის თეატრს, აფინანსებს ხიბულაში ტაძრის მშენებლობას და მემორიალური სახლის რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენაზე მუშაობს ფოთში, აშენებს სპორტულ ინფრასტრუქტურას. ეს არის მხოლოდ ის მცირე ჩამონათვალი, რასაც ფონდი ამჟამად ახორციელებს ჩვენს რეგიონში, თუმცა განხორციელებული პროექტების რიცხვი ბევრად მეტია. მნიშვნელოვანია მართლმადიდებლური ეკლესიის როლი ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ცხოვრებაში და მიხარია, რომ დღეს ამ ტაძრის კურთხევის ცერემონიალს დავესწარი“, – განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.