ზუგდიდის საკრებულოში სანდრა რულოვსის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა [ფოტო, ვიდეო]
ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრები დაუპირისპირდნენ.
სხდომის დამთავრების შემდეგ სანდრა რულოვსმა „ქართული ოცნების“ საკრებულოს ერთ-ერთ წევრს ბრალდებებით მიმართა, ის ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაში დაადანაშაულა, რასაც შემდეგ ურთიერთბრალდებები მოჰყვა.
საკრებულოს წევრები სანდრა რულოვსს ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით მის მიერ წარსულში გამოთქმული პოზიციების გამოც დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ იგი ადრე ზვიად გამსახურდიას მომხრე არ იყო და ახლა უკვე პოზიცია შეიცვალა.
„ზვიადის მომხრე მეც გავხდი. შეიძლება ადრე არ მქონდა ასეთი წარმოდგენა და მეგონა, რომ რაღაც დაჯგუფებები იყო, რადგან 90-იან წლებში ასეთი მოსაზრება იყო ხალხში. ამაზე ვწერდი ხოლმე პარაგრაფებს, თუმცა ახლა ყველა უნდა ვიყოთ ზვიადის იდეის გამაგრძელებლები, აქ არ არის საუბარი, ვინ მოგვწონს და ვინ არა, ქვეყანაა გადასარჩენი“, – განაცხადა სანდრა რულოსვმა.
მანამდე, ზუგდიდში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, სანდრა რულოვსი ტელეკომპანია „ოდიშს“ ინტერვიუს აძლევდა, როდესაც მოქალაქეებმა სიტყვიერი, ხოლო ტელეკომპანიის თანამაშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მტკიცებით, თავდამსხმელები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ.