ბერდია სიჭინავა - მოვუწოდებთ ოცნებას, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეობის ჩვენი კანდიდატის მხარდაჭერისკენ, მნიშვნელოვან პოზიციებზე კი, მათ კანდიდატებს დავუჭერთ მხარს
ბერდია სიჭინავა - მოვუწოდებთ ოცნებას, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეობის ჩვენი კანდიდატის მხარდაჭერისკენ, მნიშვნელოვან პოზიციებზე კი, მათ კანდიდატებს დავუჭერთ მხარს

მოვუწოდებთ ოცნებას, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეობის ჩვენი კანდიდატის მხარდაჭერისკენ, მნიშვნელოვან პოზიციებზე კი, მათ კანდიდატებს დავუჭერთ მხარს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ბერდია სიჭინავას თქმით, ზუგდიდის საკრებულოში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების უპასუხისმგებლო ქმედებებისა და ბოიკოტირების რეჟიმის გამო, ორ თვეზე მეტია, საკრებულო ვერ მუშაობს.

„საკრებულო ვერ ასრულებს თავის საბაზისო ფუნქციას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების, თანამდებობის პირების საქმიანობისა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი, რომლის დამტკიცების შესაძლებლობა წინა მოწვევის საკრებულომ ზუგდიდელებს ქურდულად მოპარა. საკრებულოს ვერ ფუნქციონირება პირდაპირ აისახება მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურობასა და ზუგდიდელების ყოველდღიურობაზე“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტების ფუნქციონირება-არფუნქციონირება კობახიძის „კეთილ ნებაზეა“ დამოკიდებული და სენაკში წინა სხდომაზე ისევ საკუთარ ხალხს გამოუცხადეს ბოიკოტი.

„გასულ კვირას, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განვითარებული პროცესები, თუ როგორ ცდილობდა „ოცნება“, უნიჭო არგუმენტებითა და „პროცედურული ომით“ აეხსნა მუნიციპალიტეტის საბოტაჟი და მოქალაქეების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. „ოცნების“ ლიდერების განცხადებები არის პირდაპირი აღიარება, როგორი კრიმინალური მეთოდებით ცდილობს „ოცნება“ პოლიტიკური რეალობის ცვლილებას და უმრავლესობის მოპოვებას ამ მუნიციპალიტეტებში. ჩვენთვის არც ერთი პოლიტიკური თანამდებობა არ არის მნიშვნელოვანი იმ კრიზისის ფასად, რომელსაც ხელოვნურად ქმნის „ოცნება“.

ჩვენმა პარტიამ ღიად მოვუწოდეთ „ოცნებას“ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარმოდგენისკენ სენაკში, რომელსაც ჩვენ მხარს დავუჭერდით ოღონდ ეს კრიზისი დასრულებულიყო. თუმცა, მათ შორის, „ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლები ვერაფერს წყვეტენ და მუნიციპალიტეტების ფუნქციონირება-არფუნქციონირება კობახიძის „კეთილ ნებაზეა“ დამოკიდებული და სენაკში წინა სხდომაზე ისევ საკუთარ ხალხს გამოუცხადეს ბოიკოტი. პრინციპი, რომლითაც ვმოქმედებთ ყველა მუნიციპალიტეტთან მიმართებით არის ორი – საკრებულოებში პოლიტიკურ ძალებს შორის ბალანსის უზრუნველყოფა და მუნიციპალური კრიზისის არდაშვება. ორივე პრინციპი „ოცნებისთვის“ არის მიუღებელი“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.