მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა ევროპარლამენტში პრესკონფერენცია გამართეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა ევროპარლამენტში პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციაზე იმყოფებოდნენ ედუარდ სააკაშვილი, გიული ალასანია, სანდრა რულოვსი. პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა და მირიამ ლექსმანი.

ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს სააკაშვილის გათავისუფლება ჰუმანიტარულ საფუძვლებით და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. ანალოგიური განცხადება გააკეთა სააკაშვილის ადვოკატმაც. თავის მხრივ, ანა ფოტიგამ და მირიამ ლექსმანმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს სააკაშვილის ოჯახის წევრების თხოვნა.

ტოქსიკოლოგმა, ექსპერტმა დევიდ სმიტმა, რომელიც მსოფლიოშია ცნობილი, ჩაატარა ლაბორატორიული კვლევა პრეზიდენტ სააკაშვილის თმასა და ფრჩხილზე, ასევე აღებულია ბიოფსიის ნიმუშები. შედეგად, აღმოჩენილია დარიშხანი, ვერცხლისწყალი, სხვა მეტალებთან ერთად. ის საჭიროებს დაუყოვნებლივ დეტოქსიკაციას. მისი სიკვდილის რისკი გაზრდილია. ის საჭიროებს სიცოცხლის გადასარჩენად მკურნალობას და დეტოქსიკაციას. აღმოჩენილია სერიოზული ნევროლოგიური ზიანიც. ექიმებმა არც კი იციან, შეიძლება თუ არა ამის განკურნება. და ეს მხოლოდ ტოქსიკოლოგიური კუთხით. მას ასევე სჭირდება დაუყოვნებლივი ოპერაცია, როგორც ექიმმა კობიმ თქვა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მასიმო დანჯელომ.

ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას თქმით, საუკეთესო ვარიანტია სააკაშვილის გათავისუფლება.

„ევროკომისიის მიერ საბჭოსთან ერთად შეთანხმებით და წარდგენილი 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, საქართველოს პროგრესის შეფასება მოხდება მომავალი წლის შემოდგომაზე. ახლა კი გვაქვს მოსამზადებელი პერიოდი, როცა შეიძლება, ვიმოქმედოთ. ჩვენ, ცხადია, შეშფოთებულები ვართ, როდესაც მესამე პრეზიდენტის საქმეზე ვსაუბრობთ. ეს ტრაგიკული საკითხი აძლიერებს საზოგადოების პოლარიზაციას და, ხაზს ვუსვამ, ჰუმანიტარულ საფუძველზე მისი გათავისუფლება გააუმჯობესებს სიტუაციას. ახლა ეს მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია ის მძიმე მდგომარეობა, რაც ხდება მისი პატიმრობაში ყოფნისას. საუკეთესო ვარიანტია სააკაშვილის გათავისუფლება, რათა განვითარებულ მედიცინას მიეცეს საშუალება, ამ საქმეს გაუმკლავდეს. მე არ მინდა, საქართველოში ექიმების პროფესიონალიზმი დავაყენო კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგრამ, ვფიქრობ, ოჯახის ნება და ოჯახის ნდობის საკითხი ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის თქმით, არსებობს კანონიერი გზები სააკაშვილის გასათავისუფლებლად, მკურნალობის მიზნით.

„სისტემა თუ დაუშვებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალოს საპატიმროში და ამ დროს არსებობს კანონიერი გზები მის მკურნალობისთვის გასათავისუფლებლად, სათანადო მკურნალობის ჩასატარებლად, რაც ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს საზღვარგარეთ, მაშინ ძალიან რთული იქნება გამოცხადება, რომ საქართველო ასრულებს სასამართლოს მიუკერძოებლობის პირობას. აქვე ვახსენებდი ნიკა გვარამიას საქმესაც. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ამ საქმეში არის პოლიტიკური მოტივები. ეს ორის საქმე თუ სათანდოდ, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არ გადაწყდება, ცხადია, ეს იქნება საფუძველი, ევროკავშირმა თქვას, რომ საქართველომ არ გადადგა ნაბიჯები სასამართლოს მიუკერძოებლობის გაძლიერებისკენ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირმა წინ წამოწია პოლარიზაციის პრობლემა და აუცილებელია საზოგაოდების დეპოლარიზაცია. ჩვენ ვიცით, რომ ეს ორი საქმე მნიშვნელოვანია ამ კუთხითაც და საქართველოს ხელისუფლებამ ამ მოთხოვნის შესასრულებლად უნდა გადაჭრას ეს საკითხები“,- აღნიშნა ლექსმანმა.