გარემოვაჭრეებმა ზუგდიდის მერიაში შესვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
გარემოვაჭრეები ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან დახლების გატანას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აქციებს არ შეწყვეტენ და აღნიშნავენ, რომ მათთვის არავის შეუთავაზებია ალტერნატიული სამუშაო ადგილები.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, გარემოვაჭრეებს მერიიდან ჯერ არავინ შეხვედრია.
აქცია გარემოვაჭრეებმა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყეს და მსვლელობით მივიდნენ ზუგდიდის მერიამდე.
გუშინ, ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საკოლმეურნეო ბაზრის, შპს „სუპერმარკეტის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მოვაჭრეების დახლები გაიტანა.
რამდენიმე დღის წინ, გარემოვაჭრეები გააფრთხილეს, რომ ტერიტორია უახლოეს პერიოდში დაეტოვებინათ, მაგრამ მიუხედავად გაფრთხილებისა, გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქციები დააანონსეს.