ზოგიერთი ადამიანი უძველესი, გაურკვეველი წინაპრის დნმ-ს ატარებს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ზოგიერთი ადამიანი უძველესი, გაურკვეველი წინაპრის დნმ-ს ატარებს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ყველაზე ცნობილი უძველესი ადამიანების — ნეანდერტალებისა და დენისოველების გენომების ახალმა ანალიზებმა გამოავლინა ჩვენი სახეობის ჯერ კიდევ გაურკვეველი წინაპარი, შორეული ოჯახური ხის შტო, რომელიც მასზე მიბმული არ არის.

კვლევამ ასევე აღმოაჩინა ადამიანებისა და ნეანდერტალების შეჯვარების დამატებითი მტკიცებულება, მაგრამ ის გაცილებით უფრო შორს გადასწია, ვიდრე აქამდე ვიცოდით — 200 000 – 300 000 წლით უფრო უკან. შესაბამისად, ეს შეჯვარება ახალ ცნობებს ჰმატებს ჩვენი, როგორც სახეობის წარმოშობისა და აფრიკიდან მიგრაციის სულ უფრო გართულებულ ისტორიას.

არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს უცნობი წინაპარი სინამდვილეში ჰომო ერექტუსი იყოს, ადამიანის არქაული წინაპარი, რომელიც დაახლოებით 100 000 წლის წინ გადაშენდა; თუმცა, არის თუ არა გაურკვეველი წინაპარი მართლაც ის, დარწმუნებით არ ვიცით, რადგან ჰომო ერექტუსის დნმ ჯერ აღმოჩენილი არ არის.

„ამ კვლევაში ამაღელვებელი ის არის, რომ წარმოაჩენს, რა შეგიძლია ისწავლო ადამიანის შორეული ისტორიის შესახებ სრული ევოლუციური ისტორიის ერთობლივი რეკონსტრუქციით თანამედროვე ადამიანებისა და არქაული ჰომინინების გენომური თანმიმდევრობების საშუალებით“, — ამბობს ნიუ-იორკის ქოლდ-სპრინგ-ჰარბორის ლაბორატორიის ბიოლოგი ადამ სიპელი.

ისევე როგორც ბოლო პერიოდის სხვა კვლევებში, გენომების მახასიათებლების სიღრმეებში შესაღწევად ჯგუფმა ბაიესის ალგორითმი გამოიყენა. ამ შემთხვევაში, ისინი იკვლევდნენ ორი უძველესი ნეანდერტალის, ერთი უძველესი დენისოველისა და ორი თანამედროვე აფრიკელი ადამიანის დნმ-ებს. ამის შემდეგ, მოდელის დამთხვევა შესაძლებელია გარკვეული პერიოდების შერეულ დნმ-სთან.

ალგორითმი ეძებდა რეკომბინაციის მოვლენებს, რომლებშიც ერთმანეთშია შერეული ქრომოსომათა ორი წყება, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს ამ სახეობათა შეჯვარების ძალიან, ძალიან შორეულ ისტორიაში ჩაიხედონ, რადგან ამის შედეგად რჩება გენეტიკური მარკერები. მკვლევართა ცნობით, დენისოველი ადამიანის დნმ-ის დაახლოებით ერთი პროცენტი უცნობი წარმოშობისაა.

კვლევაში გამოიყენეს ახალი ალგორითმი, სახელად ARGweaver-D, რომელიც კორნელის უნივერსიტეტის კომპიუტერულმა ბიოლოგმა მელისა ჰუბიშმა შექმნა. წარმოადგენს თავდაპირველი ARGweaver-ის გაგრძელებას, რომელიც შექმნილია მემკვიდრეობითი რეკომბინაციის გრაფების (ARG) შესასწავლად იმ გზით, რაც სტანდარტული სტატისტიკური გათვლებით შეუძლებელია.

„მელისას მიერ შექმნილ ამ ახალ ალგორითმს, ARGweaver-D-ს, შეუძლია დროში იმაზე გაცილებით შორს, უკან ჩაიხედოს, ვიდრე სხვა ნებისმიერ კომპიუტერულ მეთოდს. ის განსაკუთრებით მძლავრი ჩანს უძველესი ინტროგრესიის (გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა სახეობებს შორის შეჯვარების შედეგად) დასაფიქსირებლად“, — ამბობს ადამ სიპელი.

კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ დენისოველთა გენომში აღმოჩენილი ამ იდუმალი, „სუპერ-არქაული“ დნმ-ის რეგიონების 15 პროცენტი ჯერ კიდევ ცირკულირებს თანამედროვე ადამიანებში. ალბათ მალე ვიხილავთ, რა გაირკვევა თანდათანობით ამ ნაკლული სახეობის შესახებ.

კვლევის კიდევ ერთი აღმოჩენა ის იყო, რომ ნეანდერტალის დნმ-ის 3-7 პროცენტზე არის უძველესი ჰომო საპიენსის გავლენა, რაც ხაზს უსვამს იმ შეჯვარებათა რაოდენობას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა, 50 000 წლის წინ თანამედროვე ადამიანთა წინაპრების აფრიკიდან დიდ მასობრივ მიგრაციამდე ადრე.

„ეს ქრონოლოგია შეუსაბამო ჩანს გენეტიკურ გაცვლა-გამოცვლასთან, რომელშიც ჩართული იყვნენ თანამედროვე ევრაზიელთა უმეტესობის წინაპრები, რომლებიც აფრიკიდან დაახლოებით 50 000 წლის წინ გამოვიდნენ. ამის ნაცვლად, ჩვენ მიერ მიღებული ქრონოლოგია გვთავაზობს უფრო ადრეულ მიგრაციას, რომელიც სულ მცირე 200 000 წლის წინ მოხდა“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, მტკიცებულებათა ორთოგონალური ხაზები ახლა მხარს უჭერს აფრიკიდან ერთი ან მეტი უფრო ადრეული მიგრაციის შესაძლებლობას.

ნამდვილად შთამბეჭდავია იმის გაცნობიერება, რამდენი რამის სწავლა შეგვიძლია წარსულის მოვლენათა შესახებ დნმ-ის ჩანაწერებზე უბრალოდ უკეთესი ალგორითმის მორგებით. ძლიერ სავარაუდოა, რომ ჩვენი წინაპრების გენეტიკური ისტორიის შესახებ წინ ჯერ კიდევ ბევრი აღმოჩენა გველოდება.

„უძველეს ჰომინინებში გენების დინების ახლა უკვე დოკუმენტირებული მოვლენების რაოდენობიდან გამომდინარე, შეიძლება გონივრული იყოს ვივარაუდოთ, რომ გენეტიკური გაცვლა-გამოცვლა ძლიერ მოსალოდნელი იყო, როდესაც ორი ჯგუფი დროსა და სივრცეში ერთმანეთს კვეთდა“, — ასკვნიან ავტორები.

კვლევა ჟურნალ PLOS Genetics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.