განათლების კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას ითვალისწინებს
განათლების კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას ითვალისწინებს. კანონპროექტს ექვსმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგი წავიდა.
როგორც სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა აღნიშნა, აუცილებელია მხარდაჭერა იმ მოცემულობაზე, რომ ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციასთან უფრო შესაბამისი გახდეს ზოგადი განათლების შესახებ კანონი.
„ვფიქრობ, ძალიან ხშირად ქვეყნის დონეზე ხდება არასწორი ინტერპრეტაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტების მიერ განსაზღვრული მოთხოვნების. ძალიან ხშირად ჩვენ ზედმეტად მკაცრად ვუდგებით საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებს, მაშინ, როდესაც პირიქით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტები, პაქტები და ა.შ. საკმაოდ ვრცელ თავისუფლებას ანიჭებს სახელმწიფოებს, რომ საკუთარი სუვერენული უფლება გამოიყენონ. ჩვენ ყოველთვის გვრჩება სივრცე დისკუსიისა და ადგილობრივ კონტექსტთან მიმართებით შესაბამისი საერთაშორისო ინსტრუმენტის ადაპტირებისა და ვთქვათ რატიფიცირების პროცესში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ინიციატივაზე შესაძლოა დამატებითი დისკუსიები გაიმართოს.
„გთავაზობთ შემდეგ წინადადებას – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წარმოგვიდგინა საკუთარი კომენტარები აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით. ისინი, ერთი მხრივ, მიესალმებიან ზოგადი განათლების შესახებ კანონის მესამე მუხლის დაახლოებას ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციასთან, მაგრამ ამასთანავე გამოთქვამენ შენიშვნას. ვფიქრობ, ზოგადად მხარი უნდა დავუჭიროთ მოცემულობას, რომ ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციასთან უფრო შესაბამისი გახდეს ზოგადი განათლების შესახებ კანონი. ეს კონცეფციისა და პრინციპების დონეზე. მეორე მოსმენამდე ჩავატაროთ დამატებითი განხილვა განათლების სამინისტროსთან, იუნისეფ-ის (unicef) წარმომადგენლობასთან, სახალხო დამცველის აპარატთან და თუ იქნება კონკრეტულ ტერმინებზე საუბარი, დეფინიციები, შესაბამისი ტერმინები შევიყვანოთ საბოლოო რედაქციაში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელეს, რომლის გათვალისწინებით, კანონიდან ამოღებული უნდა იყოს სიტყვა „ლიბერალური“. ცვლილების ავტორები განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი და კომიტეტის წევრი ნუკრი ქანთარია არიან. დღეს მოქმედი კანონის მე-3 მუხლი ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს ადგენს და კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ამ მუხლით განსაზღვრული მიზნები „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებსა და სულისკვეთებას არ შეესაბამება.
ამასთან, სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას ეწინააღმდეგება „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი.