საფეხბურთო კლუბმა “ზესტაფონმა” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) გენერალური მდივნის, დავით მუჯირის მიერ 4 ოქტომბერს კლუბის სახელზე გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა.
სფფ “ზესტაფონს” აცნობებს, რომ ორგანიზაცია მზად არის ეროვნულ ჩემპიონატში მისი დაბრუნების საკითხი განიხილოს და საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში დააბრუნოს, საამისოდ კი საკლუბო ლიცენზირების პროცესში ჩართვას სთავაზობს, რომ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე კლუბმა ეროვნულ ლიგა-2-ში იასპარეზოს.
საპასუხო წერილში “ზესტაფონის” გენერალურმა დირექტორმა, კორნელი კოკაიამ სფფ-ს დაუდასტურა, რომ საფეხბურთო კლუბს 2018 წლის ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-2-ში თამაში სურს.
სფფ-ს აღმასკომის წევრმა, ბესიკ ჩიხრაძემ 1 არხს დაუდასტურა, რომ 11 ნოემბერს აღმასკომის სხდომაზე “ზესტაფონის” საკითხი განიხილეს. მაგრამ ჯერ საკითხის წინასწარი განხილვა მოხდა და საბოლოო გადაწყვეტილებას აღმასკომის შემდეგ სხდომაზე მიიღებენ.
“ზესტაფონი” ეროვნული ჩემპიონატიდან, 2015 წლის 20 აპრილს მოხსნა, რადგან 19 აპრილს გორის “დილასთან” სათამაშოდ არ გავიდა. კლუბის ხელმძღვანელთა განმარტებით, ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ გარიგების საფრთხე არსებობდა. მაგრამ მათი განმარტება სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა არ გაითვალისწინა, 0:3 წაგება ჩაუთვალა და გათამაშებიდან მოხსნა. მას შემდეგ “ზესტაფონი” ამ გადაწყვეტილების გაუქმებას და ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნებას ელის.