ლევან კობიაშვილი უეფა-ს აღმასკომის სხდომაში მონაწილეობდა #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი უეფა-ს აღმასკომის სხდომაში მონაწილეობდა #1TVSPORT

პარიზში, ერთა ლიგის 2023/24 წლის გათამაშების წილისყრამდე უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც ლევან კობიაშვილი მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პირველია ჩვენი ქვეყნიდან, ვინც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის აღმასკომის წევრად აირჩიეს.

საფრანგეთის დედაქალაქმა ასევე უმასპინძლა უეფა-ს 48-ე კონგრესს, რომლის მუშაობაშიც სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტები – კახა ჭუმბურიძე და ალექსანდრე იაშვილი მონაწილეობდნენ.

უეფა-ს კონგრესზე არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. უეფა-ს წესდების ყველა შეთავაზებული ცვლილება დამტკიცდა, მათ შორის უეფა-ს აღმასრულებელ კომიტეტში, მინიმუმ, ორი ქალი წევრის ჩართვა.

დამტკიცდა უეფა-ს პრეზიდენტისა და აღმასრულებელი კომიტეტის ანგარიში, ადმინისტრაციის ანგარიში 2022/23 წლების სეზონისთვის, 2022/23 წლების სეზონის ფინანსური ანგარიშგება და 2024/25 წლების სეზონის ბიუჯეტი.

გარდა ამისა, რატიფიცირებულია უეფა-ს სადისციპლინო ორგანოების, მმართველობისა და შესაბამისობის კომიტეტის შემადგენლობა. უეფა-ს მორიგი, რიგით 49-ე კონგრესი 2025 წლის 3 აპრილს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრე ჩეფერინმა კონგრესზე მისასალმებელ სიტყვაში ყველას მიულოცა ორგანიზაციის 70 წლის იუბილე და განაცხადა, რომ შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურას არ წამოაყენებს.